სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრებს შეხვდა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი საქართველოში ვიზიტით მყოფ ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც კომისიის მდივანი, თომას მარკერტი ხელმძღვანელობს.
ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები დეტალურად დაინტერსდნენ მოსალოდნელი ცვლილებებით. შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი თემა იყო საარჩევნი სისტემებთან დაკავშირებული საკითხები.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ვენეციის კომისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს ქართული მხარის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ თუ ვენეციის კომისია იურიდიულ კონტექსტში არ დაეთანხმება რომელიმე ცვლილებას, ის აღარ განხორციელდება.
„შეხვედრა ძალიან საინტერესო იყო. რაც შეეხება საარჩევნო სისტემას, ჩვენ დეტალურად ჩავაყენეთ საქმის კურსში იმ მოსაზრებების შესახებ, რაც კომისიაში გახმოვანდა. მათ იციან, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ჯერ არ არის. ოპონენტების მიერ გამოთქმული იყო სხვადასხვა არგუმენტები“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ვენეციის კომისიის შუალედური დასკვნის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებები არც ერთი მოსმენით მიღებული არ იქნება. „ჩვენ ხაზს ვუსვამთ მათი რეკომენდაციების მნიშვნელობას“-განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
ვენეციის კომისიის ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობაში შედიან: თომას მარკერტი, მაიკლ ფრედო, ნიკოს ალივიზატოსი, ჯოზეფ მარია კასტელა ენდრიუ და კაგა ტანიარი.