სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია თემატური სამუშაო ჯგუფების ფორმატში მუშაობას განაგრძობს

საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებშია შექმნილი, დღეს პირველ სხდომას მართავს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ,ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ დღევანდელ სხდომაზე ისეთი საკითხების განხილვა მოხდება, რომელიც უმნიშვნელოვანეს სფეროს - კონსტიტუციურ მოწესრიგებას ეხება. „სწორედ აქ წყდება ის ძირითადი საკითხები, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლების დანაწილების სისტემის ფუნქციონირებასთან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა კომისიის მუშაობის ფორმატი. „სამ ძირითად ეტაპად გვაქვს დაგეგმილი სამუშაო პროცესი. დღეს განვიხილავთ ინიციატივებს თითოეულ ნორმასთან თუ თავთან დაკავშირებით. მეორე სხდომაზე, დაახლოებით ერთ თვეში, განიხილება პირველადი რედაქცია კანონპროექტის, რომელიც შემუშავდება თქვენი ინიციატივების საფუძველზე. მესამე სხდომაზე კი, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ ჩატარდება, უკვე კანონპროექტის შეჯერებული ვერსიის რედაქციული განხილვა გაიმართება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ სხდომაზე, სხვა საკითხებთა ერთად, განხილული იქნება პრეზიდენტის არჩევნებისა და პრეზიდენტის უფლებამოსილებების საკითხები.

სამუშაო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა საპარლამენტო უმრავლესობიდან, კობა ნარჩემაშვილმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ზოგადად ისეთი ტიპის საპრეზიდენტო ინსტიტუტის არსებობას, როგორიც საპარლამენტო რესპუბლიკაშია შესაძლებელი. „ეს უნდა იყოს იმგვარი საპრეზიდენტო მექანიზმი და ინსტიტუტი, რომელიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ხელისუფლების სხვადასხვა შტოების გამართულ ფუნქციონირებას და ურთიერთთანამშრომლობას“, - აღნიშნა კობა ნარჩემაშვილმა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია, საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია შექმნილი. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.