სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფების წევრებს კონსტიტუციაში განსახორციელებელ ცვლილებებზე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის საერთო ხედვა გააცნო

დღეს, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
მეორე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხები შედის, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებულ კონსტიტუციის შესაბამის თავებზე მუშაობს.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კომისიის ხელმძღვანელობამ გაერთიანებული სხდომის ჩატარება გადაწყვიტა, რადგან კონსტიტუციის ის თავები, რომლებზეც მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მუშაობენ დაკავშირებულია ერთმანეთთან და პირდაპირ გავლენას ახდენენ ერთმანეთზე.
„ჩვენი სურვილი იყო, კომპლექსურად განგვეხილა შესაბამისი საკითხები. აქ არის საუბარი პარლამენტის მომწესრიგებელ ნორმებზე, პრეზიდენტზე, მთავრობაზე, თავდაცვისა და საბიუჯეტო საკითხები. გამომდინარე იქიდან, რომ ამ საკითხების წყება არის კომპლექსური თავისი ბუნებით, ჩვენ ჩავთვალეთ საჭიროდ გაერთიანებული სამუშაო ჯგუფების სხდომის მოწვევა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, კომისიის წევრთა მხრიდან იყო თხოვნა, რომ ცალკეულ მუხლებთან დაკავშირებით მსჯელობის დაწყებამდე ყოფილიყო საუბარი მმართველი გუნდის საერთო ხედვაზე კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.
„ხშირ შემთხვევაში, რთულია კონკრეტულ მუხლებზე მსჯელობა, თუ არ ვიცით ჩვენ რა მიმართულებით მივდივართ და რა მიმართულებით გვინდა წავიდეთ, ერთიანი სისტემა თუ არ გვაქვს დანახული. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენ გვქონდა მსჯელობა მმართველ გუნდში, ხელმძღვანელობის დონეზე. ეს მსჯელობა არ შემდგარა ჯერჯერობით საპარლამენტო უმრავლესობის დონეზე, ანუ გაფართოებულ ფორმატში, 116 დეპუტატის ფორმატში. გვქონდა მსჯელობა და მე შემიძლია, დღეს გაგაცნოთ ამ მსჯელობის შედეგები, თუ როგორ წარმოგვიდგენია საერთო სისტემა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, ეს ხედვა ვერ იქნება თავისი მნიშვნელობით საბოლოო დატვირთვის. „კომისია შექმნილია იმისთვის, რომ განვავრცოთ მსჯელობა. უბრალოდ, კიდევ ერთხელ, გვინდა ჩვენი ხედვა წარმოგიდგინოთ, რომლის საფუძველზეც შეიძლება გაგვიადვილდეს შემდეგ ცალკეულ ნორმებზე და ზოგადად, სისტემაზე მსჯელობა. ეს იყო, კიდევ ერთხელ, თხოვნა კომისიის და ასე ვთქვათ, თხოვნის თუ მოთხოვნის შესაბამისად, ჩვენ საერთო ხედვას წარმოგიდგენთ, რომელსაც, ვერ ექნება საბოლოო დატვირთვა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გარკვეული რეგულაციების ამოქმედება პოლიტიკური კონტექსტის და რეალობის გათვალისწინებით, შეიძლება დამოკიდებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებზე ანუ ყველა ახალი რეგულაცია შეიძლება ერთ დროს არ ამოქმედდეს. მისივე თქმით, ერთერთი ასეთი საკითხი შეიძლება იყოს საპრეზიდენტო არჩევნები. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობა სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად მიიჩნევს, რომ სასურველია ჯერ ჩატარდეს პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები და შემდეგ მოხდეს გადასვლა სხვა სისტემაზე.
„ერთ-ერთი მთავარი სპეკულაციის საგანი იყო, რა თქმა უნდა, საპრეზიდენტო არჩევნები. ხშირად იყო საუბარი იმაზე, რომ თითქოს, მთავარი და უფრო მეტიც, ერთადერთი ამ კომისიის შექმნის და რეფორმის გატარების იყო ის, რომ ჩვენ არ მიგვეცა მოქმედი პრეზიდენტისთვის ხელახლა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი სპეკულაციებისთვის საბაბიც კი არ უნდა დავტოვოთ. აქედან გამომდინარე, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის პოზიცია არის ის, რომ სასურველია, ასეთი სპეკულაციების თავიდან ასარიდებლად ჯერ ჩატარდეს პირდაპირი არჩევნები და შემდეგ გადავიდეთ იმ სისტემაზე, რომელზეც ჩვენ შეიძლება შევჯერდეთ. სისტემაზე შეჯერებას რაც შეეხება, ესეც, კიდევ ერთხელ, კომისიაზე არის დამოკიდებული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის საერთო ხედვა, რომელიც კომისიის პირველივე სხდომის შემდეგ გაცხადდა, არსებული საპარლამენტო სისტემის შენარჩუნებაა, რომელიც საუკეთესო მექანიზმია იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოირიცხოს ჩვენს ქვეყანაში ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება.
„დღეს მოქმედებს საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა და ჩვენ ვთქვით, რომ ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება ეხება სწორედ მმართველობის ფორმას - ჩვენ ვაპირებთ არსებული საპარლამენტო მმართველობის ფორმის შენარჩუნებას. როდესაც 2010 წელს შეფასდა მაშინ განხორციელებული რეფორმა ვენეციის კომისიის მიერ, აღინიშნა, რომ მთავარი პროგრესული ნაბიჯი, რომელიც მაშინ გადაიდგა, ეხებოდა სწორედ სვლას საპარლამენტო სისტემისკენ. ვენეციის კომისია რომც არ იყოს, ჩვენ მიგვაჩნია რომ საპარლამენტო სისტემა და ეს საყოველთაოდაც არის აღიარებულია, ბევრად მეტ გარანტიებს ქმნის დემოკრატიისთვის, პლურალიზმისთვის, ვიდრე საპრეზიდენტო ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საპარლამენტო სისტემის შენარჩუნება უნდა იყოს ჩვენი ერთერთი მთავარი ამოცანა. საპარლამენტო სისტემა არის საუკეთესო მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში გამოვრიცხოთ ყოველგვარი ტიპის ავტორიტარიზმის ჩამოყალიბება და განვითარება ჩვენს ქვეყანაში“,-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განაცხადებით, საპარლამენტო სისტემა ეფუძნება სამ ძირითად საყრდენს - ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო. „შესაბამისად, ამ სამ პრინციპზე და ამ სამ საყრდენზე გვინდა ავაგოთ ჩვენი სისტემა, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის როლზე საუბრისას, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ სისტემაში პრეზიდენტის როლი არის არბიტრის როლი და ამ სისტემის ფარგლებში პრეზიდენტი არ შეიძლება გახდეს პოლიტიკური ფიგურა.
„ჩვენი ამოცანაა, რომ კონსტიტუციით უზრუნველვყოთ პრეზიდენტის, როგორც ძლიერი არბიტრის ჩამოყალიბება და პრეზიდენტი ჩამოვაყალიბოთ როგორც არა პოლიტიკური ფიგურა, არამედ, ასე ვთქვათ, საზოგადო ფიგურა საზოგადო დატვირთვით, როგორიც ეს არის საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკებში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, დღევანდელი საარჩევნო სისტემა გარკვეულ უპირატესობას ანიჭებს გამარჯვებულ პარტიას და შესაბამისად, შედარებით სუსტ პოზიციაში გადაჰყავს ოპოზიცია, რაც არსებული საარჩევნო სისტემის ძირითადი თავისებურება. „ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოოდ საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელშიც კიდევ უფრო გაძლიერდება ოპოზიციის პოზიციები და ამის მთავარი ინსტრუმენტი, რა თქმა უნდა, არსებითად პროპორციულ სისტემაზე გადასვლაა. პროპორციულ სისტემას ბუნებრივია აქვს თავისი თავისებურებები, დაწყებული საარჩევნო ბარიერით, გაგრძელებული სხვა საკითხებით. თუ როგორ გვესახება თვითონ ეს პროპორციული სისტემა ამასთან დაკავშრებით წარმოდგენილია კონკრეტული პროექტი და ამაზე შეგვიძლია დეტალურად ვისაუბროთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის კრიტიკის ერთ-ერთ მთავარ საგანზე - უნდობლობის ვოტუმზე. მისი განცხადებით, თავის დროზე განხორციელებული ცვლილებების შედეგად უკიდურესად გართულდა უნდობლობის გამოცხადება და არსებული პროცედურა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის.
„ჩვენი ერთ-ერთი ამოცანა არის ამ პროცედურის შესაბამისობაში მოყვანა ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც არაერთხელ ვთქვით ჩვენ ვენეციის კომისიასთან დაკავშირებით, თუ რომელიმე ნორმა ნეგატიურად შეფასდება სამართლებრივი კუთხით ვენეციის კომისიის მიერ ამ შემთხვევაში, ჩვენ ასეთ ნორმას არ მივიღებთ. შესაბამისად, უნდობლობის ვოტუმის შემთხვევაში, ჩვენი ამოცანა არის, რომ თანამედროვე დასავლურ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოვიყვანოთ ეს ყველაფერი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძე.
მისივე თქმით, უნდობლობის ვოტუმთან დაკავშირებით მედიის საშუალებით გარკვეული სპეკულაციები იყო და სამწუხაროდ, არასწორი ინტერპრეტაცია მიეცა: „როდესაც საუბარია უნდობლობის ვოტუმის დახვეწაზე, ამას თარგმნიან, სამწუხაროდ, ჩვენი მედიასაშუალებები და ზოგიერთი ექსპერტი ისე, რომ თითქოს პარლამენტი უპირისპირდება მთავრობას და საუბარია პერსონიფიკაციაზეც. თითქოს მოქმედი პარლამენტი მოქმედ პრემიერ ან მოქმედ მთავრობის შემადგენლობას უპირისპირდება და მასთან დაპირისპირების ჭრილში წარმოაჩენენ იმ ცვლილებას, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ნაკარნახევია, რა თქმა უნდა ამ ყველაფრის სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის სურვილით და ვენეციის კომისიის შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინების განზრახვით. ეს არის რეალობა“.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ კომისიის წევრებს მოუწდა მაქსიმალური სიზუსტით მიიტანონ მედია საშუალებებამდე ინფორმაცია კომისიის სხდომების შესახებ, რათა არ მოხდეს ფაქტების არასწორი ინტერპრეტაცია.
„მე ზოგადადაც მინდა ვთქვა: ხშირად გადის და როგორც წესი, გადის აბსოლუტურად განსხვავებული ინფორმაცია კომისიის გარეთ. ხუთ მეტრში იკარგება სიმართლე. გადიან ამ კარებიდან კომისიის წევრები და მედიასთან აკეთებენ ისეთ კომენტარებს, რომლებიც საერთოდ არ არის შესაბამისობაში იმ რეალობასთან, რომელიც სახეზეა კომისიის სხდომაზე. მათ შორის, რამდენიმე დღის წინ იყო, ასეთი შემთხვევა, როდესაც აბსოლუტურად არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმ მსჯელობასთან დაკავშირებით, რომელიც წარიმართა ერთერთ სამუშაო სხდომაზე. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო კომისიის თითოეულ წევრს, რომ მაქსიმალური სიზუსტით მივიტანოთ, მით უმეტეს, მედიას თავისი ინტერპრეტაციები აქვს შემდეგ, აქ არსებული ინფორმაცია მედიამდე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით მთავრობის სტაბილურობის სტანდარტი უნდა იყოს დაცული იმ საერთო პრინციპების შესაბამისად, რომლებიც დამკვიდრებულია თანამედროვე დემოკრატიულ სივრცეში და სამყაროში.
სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არსებითად, უცვლელი რჩება პრინციპული ნაწილი სასამართლოს თავის, თუმცა, არის გარკვეული ცვლილებები შემოთავაზებული, რომელმაც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო აამაღლოს საერთო სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხი: „საუბარია გარკვეული კომპეტენციების გადატანაზე პრეზიდენტის ინსტიტუტიდან იმ ორგანოებზე, რომლებიც ეფუძნება სასამართლოს თვითრეგულაციას და თვითმმართველობას და ამის თაობაზე არსებობდა ვენეციის კომისიის კონკრეტული რეგულაციები. ჩვენ თუ გრძელვადიან პერსპექტივაში დავინახავთ ამ ცვლილების ეფექტს, დავრწმუნდებით, რომ ეს ყველაფერი ემსახურება სასამართლოს დამოუკიდებლობის კიდევ უფრო გამყარებას“.
პარლამენტის თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ, შეეხო პრეზიდენტის როლს და განაცხადა, რომ დღევანდელი რეალობა გარკვეულწილად აცდენილია საპარლამენტო სისტემის ძირითად პრინციპს და ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პირველ რიგში, არ მოხდეს აღმასრულებელი კომპეტენციების აღრევა და გადაფარვა პრეზიდენტსა და მთავრობას შორის. მისივე თქმით, 2010 წლის რეფორმის შემდეგ პრეზიდენტის უფლებამოსილებები იმდენად შეზღუდულია უკვე, რომ კონსტიტუციის შესაბამისი თავიდან რომელიმე მუხლის ამოღება შეუძლებელია. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლა უნდა მოხდეს 7 წლის შემდეგ.
„თითქმის არ ვეხებით ჩვენ სტატუსს. თითქმის არ ვეხებით ჩვენ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს. რაც შეეხება არჩევის საკითხს, ის ბუნებრივია, პრინციპული მნიშვნელობისაა და კიდევ ერთხელ გახდა ეს ყველაფერი სპეკულაციების საგანი.
ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა დავანახოთ ყველას, რომ ამოცანა არ არის ამ კონკრეტულ მოცემულობაში, კონკრეტულ პერსონალიებთან დაკავშირებით გარკვეული გადაწყვეტილებების მიღება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესი და ეს არის ჩვენი, ასე ვთქვათ, საბოლოო წერტილი სადაც გვინდა, რომ მივიდეთ - ეს წესი უნდა ამოქმედდეს მოგვიანებით, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია, რომ შვიდი წლის თავზე ჩვენ გადავიდეთ არაპირდაპირი არჩევის წესზე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე განმარტებით, არაპირდაპირი და პირდაპირი არჩევნები კომპეტენციებს არ ცვლის: „კომპეტენციები გაწერილია მოქმედი კონსტიტუციით, თუმცა, არასწორი ინტერპრეტაცია ეძლევა ხოლმე ხშირად იმ უფლებამოსილებებს, გამომდინარე არსებული პირდაპირი არჩევის წესიდან. ჩვენ ვფიქრობთ რომ იმისთვის, რათა საბოლოო მიზანი იქნას მიღწეული და ჩამოყალიბდეს ქმედითი და ჯანსაღი საპარლამენტო სისტემა, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტი საბოლოოდ იყოს არჩეული არაპირდაპირი წესით“.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იქ, სადაც პრეზიდენტი საპარლამენტო სისტემაში მოქმედებს როგორც პოლიტიკური ფიგურა, იზღუდება პარლამენტის როლი და ეს პირდაპირ ჩრდილს აყენებს პარლამენტის როლს დემოკრატიულ სისტემაში. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არსებითად მნიშვნელოვანია, რომ საპარლამენტო სისტემაში პოლიტიკური პროცესები, მათ შორის, პარტიულ-პოლიტიკური პროცესები, წარიმართოს პარლამენტში და არ გასცდეს ეს პროცესები საპარლამენტო სივრცეს.
მისივე განცხადებით, ერთადერთი არსებითი ცვლილება, რაც შეიძლება პრეზიდენტის კომპეტენციების სფეროს შეეხოს, დაკავშირებულია უშიშროების საბჭოსთან. როგოც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რეალურად, მოქმედებს ორგანო, რომელიც რჩევას აძლევს პრეზიდენტს ისეთ საკითხებზე, რომლებიც არის მთავრობის კომპეტენცია, რაც არის აბსოლუტური აღრევა და ამ საკითხზე აქტიურად საუბრობდნენ 2010 წელს ვენეციის კომისიის ექსპერტები: „აქედან გამომდინარე, გვქონდა მსჯელობა იმაზე, რომ უშიშროების საბჭო გარდაიქმნას ეროვნული თავდაცვის საბჭოდ და მას დარჩება არსებითად თავდაცვის სფეროში უფლებამოსილებები. ეროვნული თავდაცვის საბჭო იმოქმედებს საომარი მდგომარეობის დროს და მისი თავმჯდომარე იქნება პრეზიდენტი. საომარი მდგომარეობის დროს არსებობს იმის ინტერესი და საჭიროება, რომ ხელისუფლების მთლიანი მოქმედების ერთიანი კოორდინაცია იყოს უზრუნველყოფილი“.
ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის საერთო ხედვით ამ ეტაპზე „ახალი სიგნალების გაშვება“ იქნება უფრო მეტად დამაზიანებელი, ვიდრე რაიმე სიკეთის და სარგებლის მომტანი.
„გუშინ გვქონდა სხდომა ტერიტორიული მოწყობის ჯგუფის და ჯგუფის წევრთა უმრავლესობა ამ პოზიციას ემხრობა. მათ შორის სხდომას ესწრებოდნენ აჭარის და აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები. უფრო სუსტი პოზიციიდან ახალი სიგნალის გაშვება, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უფრო მეტ ზიანს მოგვიტანს ვიდრე სიკეთეს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, დავტოვოთ ის ძირითადი გზავნილი, რომელიც ჩაიდო საქართველოს კონსტიტუციაში 1995 წელს და ეს გზავნილი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ არ ვეხებით ტერიტორიული მოწყობის საკითხებს ჩვენი აფხაზი და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები თანამოქალაქეების გარეშე“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, უკვე მომზადებულია კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის ძირითადი უფლებების ნაწილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა მედიაში და ახალი ჩანაწერით თვისებრივად სხვა ხარისხში ადის სოციალური სახელმწიფოს პრინციპის მნიშვნელობა.
„ინფორმაცია იყო მიწოდებული ისე, თითქოს მმართველი გუნდი თავს იკავებს სოციალური გარანტიების ჩადებისგან საქართველოს კონსტიტუციაში. ამ დროს, ჩვენ თუ ვნახავთ საერთო სურათს, პირიქით, პასუხისმგებლობის ხარისხი ჩვენს მიერ შემოთავაზებული ვერსიით არის თვისობრივად გაზრდილი. დღეს არ გვაქვს ჩანაწერი კონსტიტუციის პირველ თავში სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შესახებ, ეს ჩანაწერი პრეამბულაში არის მოცემული, თუმცა ჩაკარგულია და შესაბამისად აქტიურ ნორმატიულ ძალას ვერ იძენს. ჩვენი შემოთავაზებით ჩნდება პირველ თავში სპეციალური მუხლი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპის შესახებ და აქ თავს იყრის ყველა ის სოციალური პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც აკისრია სახელმწიფოს ჩვენი მოქალაქეების და ადამიანების წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, პროკურატურა უნდა ჩამოყალიბდეს როგორც აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი სტრუქტურა. მისივე თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად ჯგუფში მიღწეული იყო სრული კონსენსუსი და მნიშვნელოვნად გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის სტანდარტები. „გარდა სტანდარტებისა, ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება აღმასრულებელი ხელისუფლებისგან როგორც დამოუკიდებელი სტრუქტურა. ლეგიტიმაცია პარლამენტის მხრიდან მოხდება, ანგარიშვალდებულება იქნება პარლამენტის მიმართ“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის ადგილსამყოფელი, შეიძლება უფრო ტექნიკურ საკითხად ჩაითვალოს, მაგრამ პრინციპული მნიშვნელობა აქვს. მან არჩევნების წინ ქუთაისის მოსახლეობის მიმართ მმართველი გუნდის მხრიდან გაცემულ დაპირებებზე და საკითხის გადაწყვეტის ორ ვარიანტზე ისაუბრა. „ცვლილებების განხორციელებისას ეს დაპირებები უნდა გავითვალისწინოთ. დაპირება იყო დროებითი ხასიათის და გარკვეულ გარემოებებთან იყო დაკავშირებული. კერძოდ, საუბარი იყო იმაზე, რომ მას შემდეგ, რაც ქუთაისი შეიძენს სხვა ფუნქციურ დატვირთვას, მას შემდეგ გადმოვა პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში. ძირითადი მინიშნება კეთდებოდა ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე და მასთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ თუ სხვა ტიპის ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, ჩვენ ამ დაპირებით გარკვეული ფორმით ვართ შეზღუდული და ეს დაპირება შეიძლება ორი სხვადასხვა სახით აისახოს კონსტიტუციაში. ერთი, რომ ამოვიღოთ კონსტიტუციიდან და ამ ეტაპზე რეგლამენტში დარჩეს ამის ჩანაწერი და მეორე ვარიანტია, რომ საერთოდ დავტოვოთ ის ჩანაწერი, რაც დღეს არის მოცემული კონსტიტუციის შესაბამის მუხლში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
როგორც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, ეს არის ის საერთო სურათი, რომელიც მმართველ გუნდს აქვს წარმოდგენილი, თუმცა ამ საერთო სურათს არა აქვს საბოლოო ძალა და კონსულტაციები კომისიაში გრძელდება იმისათვის, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ერთიანი კონსენსუსით მოხდეს.
„რაც შეეხება საერთო მიზანს. კიდევ ერთხელ დავკონკრეტდები, ეს სისტემა, ჩვენ ვფიქრობთ, გამორიცხავს ყოველგვარ ავტოკრატიას. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს არის ის სიტემა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და საბოლოოდ ჩვენ ჩამოვაყალიბებთ ჯანსაღ საპარლამენტო მმართველობის სისტემას, რომელიც, როგორც ვიცით, აღიქმება როგორც ყველაზე დემოკრატიული და ყველზე ევროპული სისტემა, რომელსაც შეიძლება დაეფუძნოს ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი.
ვფიქრობთ, რომ იმ ცვლილებებით, რომელიც ჩვენი შემოთავაზების საფუძველზე შეიძლება განხორციელდეს კონსტიტუციაში, მივაღწევთ ორივე მიზანს, რომელიც იქნა იმთავითვე დასახული, პარლამენტის შესაბამისი დადგენილების თანახმად. პირველი, ეს არის კონსტიტუციის სრული შესაბამისობა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და თანამედროვე სტანდარტებთან და მეორე, ეს არის ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისათვის ძალიან მყარი ფუნდამენტის ჩაყრა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პროპორციული სისტემით საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ვადებთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ საკითხზე მმართველი გუნდის ხელმძღვანელობას ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს, თუმცა, ეს საკითხი არ არის გავლილი 116 დეპუტატთან. „დეპუტატების ზოგადი განწყობა ვიცით. ჩამოყალიბებულია სხვადასხვაგვარი განწყობები საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ვიდრე ჩვენ კონსულტაციებს არ გავივლით 116-ვე დეპუტატთან, მანამდე ჩვენ გაგვიჭირდება საბოლოო პოზიციის დაფიქსირება, საპარლამენტო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათ შორის, ამოქმედების ვადასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც მე შემიძლია ზოგადი განწყობის სახით გითხრათ, არის ის, რომ გვაქვს კონკრეტული გამოცდილება წინა მოწვევის პარლამენტიდან. მაშინ ძალიან გართულდა სისტემური ცვლილების ამოქმედება მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის და შესაბამისად, კონსენსუსის საფუძველზე მოხერხდა ის, რომ ჩვენ გამოვედით ორსაფეხურიანი რეფორმის განხორციელების ინიციატივით. მაშინ რომ ყოფილიყო ეს ინიციატივა მხარდაჭერილი, დღეს ბუნებრივია უკან არავინ წამოვიდოდა და საერთოდ არ დადგებოდა 2020 წელს პროპორციული სისტემის ამოქმედება-არ ამოქმედების საკითხი. თუმცა რეალურად დღეს, ჩვენ დავუბრუნდით იგივე სასტარტო პოზიციას, რომელიც გვქონდა ორი წლის წინ. ამით მე არ მინდა იმის თქმა, რომ ან გამოვრიცხავ, ან ზედმეტად რთულად მესახება კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ გარკვეულ სირთულეებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული საერთო კონსენსუსის მიღწევა მმართველი გუნდის შიგნით. ჩვენი მმართველი გუნდის ხელმძღვანელობის მყარი პოზიციაა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენს ქვეყანას, როგორც პარტიული სისტემის განვითარების, ასევე, პოლიტიკური სისტემის განვითარების კუთხით, უფრო მეტად წაადგება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, თუმცა ამასთან დაკავშირებით უნდა გაგრძელდეს მსჯელობა და უნდა შედგეს საბოლოო, ერთიანი კონსენსუსი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილი საერთო ხედვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.