სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტს ვაკის მოსახლეობა გაეცნო

კონსტიტუციური კანონის პროექტს „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში თბილისის ვაკის მოსახლეობა გაეცნო.

მერაბ ბერძენიშვილის სახელობის კულტურის საერთაშორისო ცენტრში „მუზა“ შეკრებილ მოსახლეობასთან შესახვედრად მოვიდნენ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ვაკის მაჟორიტარი, გარემოს დაცვისა დაბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრი, ექსპერტი ვასილ გონაშვილი.

მოქალაქეებს თავდაპირველად მათივე მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა ხუციშვილმა მიმართა და აღნიშნა, კონსტიტუცია რომ ხარვეზიანი არის და დასახვეწია, ამაზე ერთიანი მოსაზრება აქვს როგორც უმრავლესობას, ასევე საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციას, თუმცა გარკვეულ საკითხებზე მათი პოზიციები განსხვავებულია.

„მიუხედავად იმისა, რომ გვაქვს მყარი საკონსტიტუციო უმრავლესობა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნებაა, რომ კონსტიტუციაში შესატან ცვლილებათა საკითხი საერთო განხილვის საგნად გამოგვეტანა. განხილვაზე გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები შეჯამდება, გაანალიზდება და შესაძლოა პროექტშიც აისახოს, სწორედ ეს მიზანი აქვს საყოველთაო-სახალხო განხილვას, რომლის ანალოგიც უახლეს ისტორიას არ ახსოვს“, - განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.

მან მოკლე მიმართვაში ასევე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის მაჟორიტარული სისტემის ავკარგიანობაზე და აღნიშნა: „ჩვენი პოლიტიკური გუნდის ნებაა ასევე ის, რომ გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა, რომელიც თეორიულად მართალია მშვენიერია და ბევრ ქვეყნაში კარგად მუშაობს, პრაქტიკამ კი საქართველოში აჩვენა, რომ სამჯერ მოხდა მაჟორიტარების ხარჯზე საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა, როდესაც პარტიას დიდი მხარდაჭერა არ ჰქონდა. ამიტომ ამ ეტაპზე ვთანხმდებით, რომ კარგი იქნება პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამ ნაბიჯს სწორედ ქართული ოცნება დგამს“. მისივე თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ისიც, რომ ახალი ცვლილებებით ოპოზიციას საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის საშუალება ეძლევა, რისი შესაძლებელობაც დღემდე არ ჰქონდათ.

შემდეგ შეხვედრის მონაწილეებს საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საფუძვლებსა და მიზეზებზე მარიამ ჯაში ესაუბრა, გააცნო მათ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის ზოგადი პრინციპები და მოსალოდნელი შედეგები. მისი განცხადებით, მოქმედი კონსტიტუცია ვერ ასახავდა ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისთვის შესაბამის სამართლებრივ ბაზას. ჯერ კიდევ 2010 წელს ვენეციის კომისიაც იძლეოდა რეკომენდაციებს შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. ეს ეხებოდა ხელისუფლების ძალთა ბალანსის გადანაწილებას, სასამართლოს და სხვა საკონსტიტუციო ორგანოების დამოუკიდებლობას, საპარლამენტო მმართველობის სისუსტეებს, მთელ რიგ იურიდიულ და ტერმინოლოგიურ ხარვეზებს, რომლებიც რჩებოდა დღეს მოქმედ კონსტიტუციაში.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ცვლილებების ორი მთავარი მიზანი საქართველოს კონსტიტუციის საერთაშორისო სამართლისა და კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სისრულეში მოყვანა და, რეალურად, საქართველოს გრძელვადიანი, დემოკრატიული განვითარებისთვის შესაბამისი ძლიერი საპარლამენტო მმართველობის სისტემის დაფუძნება არის.

როგორც მან აღნიშნა, ოთხი ძირითადი შედეგი, რომელსაც ამ საკონსტიტუციო ცვლილებებისგან ველით, არის ძლიერი პარლამენტი, ზეპარტიული, მიუკერძოებელი პრეზიდენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო, რაც დღეს არსებულ არადემოკრატიულ კონსტიტუციას დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციად აქცევს.

მარიამ ჯაშმა კონსტიტუციაში განსახორციელებელ სხვადასხვა ცვლილებებზე საუბრისას, აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ უკვე ვერავინ შეძლებს კონსტიტუციის შეცვლას საკუთარი სურვილისამებრ და კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება მხოლოდ ორი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იქნება. მისივე თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება მკვიდრდება კონსტიტუციაში: გარანტირებული იქნება სახელმწიფო ენის, სახელმწიფო სიმბოლოების დაცულობა, ქართული ეკლესიის განსაკუთრებული როლი, გამკაცრდება მიწის გასხვისების საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ქორწინების დეფინიცია აისახება კონსტიტუციაში. მისი განცხადებით, კონსტიტუცია იცვლება ეროვნული ინტერესებიდან და საზოგადოებრივი მოთხოვნებიდან გამომდინარე და კონსტიტუციის ძირითადი ხაზი არის - დემოკრატიისკენ ეროვნული ღირებულებებით. კონსტიტუციით იზრდება სახელმწიფოს როლი უზრუნველყოს ადამიანი ღირსეული საცხოვრისით, კიდევ უფრო მაღალ დონეზე დაიცვას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები, უზრუნველყოს ინტერნეტისადმი ხელმისაწვდომობა და სხვა. პირველად პროკურატურა ხდება დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, იზრდება პარლამენტის წევრთა პასუხისმგებლობის საკითხი თვით დეპუტატის მანდატის ჩამორთმევამდეც კი.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა მთავარი ყურადღება იმ საკითხების განმარტებას დაუთმო, რომლებიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. მისი თქმით, საკმაოდ განსხვავებული შეხედულებები განსაკუთრებით ორ საკითხთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, ესენია პრეზიდენტის არჩევის წესი და საპარლამენტო საარჩევნო სისტემა. მან იმ პრობლემებზე ისაუბრა, რასაც ქმნის საქართველოში პარლამენტის შერეული სისტემის გზით ჩატარებული არჩევნები, რამაც საკონსტიტუციო კომისიას მთლიანად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიაღებინა. გიორგი კახიანის განცხადებით, პროპორციული საარჩევნო სისტემა ერთი მხრივ პარტიულ პლურალიზმს უზრუნველყოფს, მეორე მხრივ - სტაბილურობას.

გიორგი კახიანის განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკა ასევე უკავშირდება საარჩევნო ბლოკების გაუქმების, 5%-იანი საარჩევნო ბარიერის, გაუნაწილებელი მანდატების საკითხებს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, გიორგი კახიანის განცხადებით, ზეპარტიული პრეზიდენტი სწორედ მისი არაპირდაპირი არჩევის გზით შეიძლება იყოს მიღწეული.

კონსტიტუციონალისტმა ვასილ გონაშვილმა დღეს არსებული მმართველობის ძირითად ხარვეზებზე ისაუბრა, რომლებიც უკავშირდება ხელისუფლების შტოებს შორის არსებულ დისბალანსს. მისი თქმით, კონსტიტუციური რეფორმა მიმართულია ევროპული ტრადიციების და ევროპული ტენდენციებისკენ. მან სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა კონსტიტუციის გადასინჯვის პროცესის გართულება, უმცირესობისთვის საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობის მიცემა.

შემდეგ შეხვედრა ტრადიციულად კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოქალაქეებმა მომხსენებლებს მრავალრიცხოვანი კითხვით და სურვილებით მიმართეს, რომლებიც კვლავ და კვლავ ეხებოდა მიწის უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხისების აკრძალვას, სოციალური და განათლების, საპენსიო უზრუნველყოფის და დევნილთა დახმარების საკითხებს, უმუშევრობის დაძლევის გზებს, ნარკოპოლიტიკის ჰუმანიზაციას, კონფლიქტების გადაჭრის გზებს, პარლამენტის ადგილსამყოფელს, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესის გამკაცრებას. მოქალაქეებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე დამატებითი განმარტებები მიიღეს.

დღესვე, კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში, კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება თბილისში, ჩუღურეთისა და ისანი-სამგორის მოსახლეობასთან, რითაც დასრულდება „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კანონმდებლობით განსაზღვრული ერთთვიანი პროცესი.