სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ჩუღურეთის მოსახლეობისთის კონსტიტუციური პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა

კონსტიტუციური კანონპროექტის ახალი რედაქციის მოსახლეობისთვის გაცნობის მიზნით, ჩუღურეთის რაიონში საყოველთაო-სახალხო განხილვა გაიმართა. რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას მიესალმა და კონსტიტუციის ცვლილებების განხილვაში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. გამოსვლის დასაწყისში პარლამენტის წევრი ცვლილებების მომზადების პრეისტორიას შეეხო და აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ ოთხთვიანი მუშაობის შედეგად მოამზადა ისეთი დოკუმენტი, რომელიც მოქმედ კონსტიტუციურ რედაქციას ფუნდამენტურად ცვლის და არსებულ სამართლებრივ ხარვეზებს, უკეთესი მმართველობის სისტემის მოდელით და დახვეწილი იურიდიული ტექნიკის ნორმებით შეცვლას უზრუნველყოფს. გიორგი ვოლსკიმ კონსტიტუციის მეორე თავით შემოთავაზებულ ადამიანის ძირითადი უფლებების კონსტიტუციურ მიდგომებზე ისაუბრა და ის მიმართულებები ჩამოთვალა, რომლებიც კანონპროექტის ახალ რედაქციაში გარანტირებულად იქნება დაცული. საარჩევნო სისტემებში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას, გიორგი ვოლსკიმ პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის ახალი წესის სიახლეები განმარტა და დეტალურად ისაუბრა თუ რა მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო მმართველობის სიტემაში პროპორციულ არჩევნებს და პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევას. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე მრავალპარტიული, პლურალისტური პარლამენტის არსებობის შემთხვევაში, ქვეყნის სტაბილურად განვითარების ხელისშემშლელ ფაქტორებს შეეხო და აღნიშნა, რომ იმისთვის, რომ არ მოხდეს პოლიტიკური რყევები და კრიზისების გამოწვევა, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების საშუალება ერთპიროვნულად უნდა მიეცეს. მისი განცხადებით, სწორედ ამ მიდგომას გულისხმობს ე.წ. ბონუსის სისტემა, რომელიც გამარჯვებულ პარტიას ერთგვარი დანამატის სახით, გაუნაწილებელი მანდატების გამოყენების საშუალებას აძლევს. გიორგი ვოლსკი პოლიტიკური ბლოკების გაუქმების და 5% ბარიერის დაწესების საკითხებსაც შეეხო და დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების მაგალითები მოიყვანა. მისივე განცხადებით, საპარლამენტო მმართველობის სწორედ დემოკრატიული სახელმწიფოების პრაქტიკას წარმოადგენს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა და ეს მეთოდი დემოკრატიულ სამყაროში კარგად არის აპრობირებული და მხოლოდ ცალკეულ შემთხვევებში ხდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა. გამოსვლის დასასრულს, გიორგი ვოლსკი ვენეციის კომისიის მუშაობას და მათი რეკომენდაციების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს ეს ინსტიტუტი, საერთაშორისო სამართლის და კონსტიტუციონალისტების კვალიფიციური სპეციალისტებით არის დაკომპლექტებული და მათი რეკომენადაციების გათვალისწინება თვითოეული დემოკრატიული ქვეყნისთვის მისაღები და ანგარიშგასაწევია.
მიწის განკარგვის რეგულაციებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ. მისი განცხადებით, ქართული მიწა ის სიმდიდრე და რესურსია, რომელთანაც ქვეყნის ხელისუფლებას განსაკუთრებული მიდგომა აკავშირებს და სწორედ ამიტომ მომზადდება მაღალი ლეგიტიმაციის ორგანული კანონი, სადაც დეტალურად გაიწერება თითოეული ის ნიუანსი, რაც მიწის განკარგვის რეგულაციებს უკავშირდება. მანვე, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებასთან, ქორწინების განსაზღვრების საკონსტიტუციო დონეზე გაკეთებულ ჩანაწერზე და ქართული საზოგადოებისთვის მასთან დაკავშირებულ ინტერესზე ისაუბრა. კონსტიტუციური სხვა ცვლილებების წარდგენისას, გედევან ფოფხაძე, ქვეყნის უზენაეს კანონში, ძლიერი პარლამენტის, ქმედითი მთავრობის და ზეპარტიული პრეზიდენტის განსამზღვრელ თავებს და მუხლებსაც შეეხო.
კონსტიტუციური ცვლილებების ახალ რედაქციაზე რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებებზე ისაუბრა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ საპარლამენტო მდივანმა, ლიკა საჯაიამ. მისი განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განსაკუთრებით პრობლემურია საარჩევნო სისტემა, კონკრეტულად კი გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი, რომლის მიხედვითაც ყველა გაუნაწილებელი მანდატი ერთ პარტიას ერგება. ლიკა საჯაიას შეფასებით, საარჩევნო სისტემის ეს მიდგომა მნიშვნელოვნად აკნინებს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით მიღებულ პოზიტიურ შედეგს. ამასთან, საარჩევნო ბლოკების გაუქმება 5%-იანი ბარიერის შენარჩუნების პირობებში აჩენს რისკებს, რომ არჩევნების შედეგად მაღალი იყოს გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა.
ჩუღურეთის მოსახლეობისთვის გამართული საკონსტიტუციო ცვლილებების ახალი რედაქციის გაცნობა, კითხვა-პასუხით გაგრძელდა. პარლამენტის წევრებმა მოსახლეობის შეკითხვებს უპასუხეს და რიგ საკითხებზე დამატებითი განმარტებები გააკეთეს.