სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
საქართველოს რეგიონებში კონსტიტუციური კანონპროექტის საჯარო განხილვები დასრულდა

საქართველოს რეგიონებში, კონსტიტუციის პროექტის ახალი რედაქციის საყოველთაო-სახალხო განხილვა მარტვილში გამართული შეხვედრით დასრულდა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული კონსტიტუციური კანონპროექტის ძირითადი მიმართულებები, ადგილობრივ მოსახლეობას, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა გააცნო.
მომხსენებელმა კონსტიტუციური ცვლილებების მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 2010 წელს განხორციელდა, საკონსტიტუციო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან და მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპებთან სრულ შეუსაბამობაშია და ამასთან ერთად, მოქმედი რედაქცია იურიდიული ტექნიკის და რედაქციული თვალსაზრისითაც დახვეწას და ცვლილებებს საჭიროებს. გიორგი კახიანმა კონსტიტუციის ძირითად პრინციპებზე საუბრისას ყურადღება ოთხ ფუნდამენტურ მიმართულებაზე - ზეპარტიულ პრეზიდენტზე, ძლიერ პარლამენტზე, ქმედით მტავრობასა და დამოუკიდებელ სასამართლოზე გაამახვილა და კონსტიტუციურ პროექტში ამ საკითხებზე მომზადებულ ცვლილებებზე ისაუბრა. კომიტეტის თავმჯდომარე ტერიტორიული მოწყობის, ქორწინების კონსტიტუციურ ჩანაწერსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების თავში შესულ ცვლილებებსაც შეეხო. „ტერიტორიული მოწყობის საკითხში პრინციპული ცვლილება არ შედის და დარჩა ის გზავნილი, რომელიც 1995 წელს მიღებულ კონსტიტუციაში ჩაიწერა. ტერიტორიული მოწყობა არ გადაისინჯება მანამ, სანამ არ აღდგება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. რაც შეეხება თავდაცვისა და უსაფრთხოების თავს - დღეს მოქმედი რედაქცია აბსოლიტურად ბუნდოვანია და მომზადებული ცვლილებებით აღნიშნული სფერო მკაფიოდ მოწესრიგდება, დეტალურად გაიწერება ფუნქცია-მოვალეობები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა. გამოსვლის დასასრულს მომხსენებელმა საარჩევნო სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებზე - შერეული სისტემიდან პროპორციულ არჩევნებზე და მასთან დაკავშირებულ სიახლეებზე და პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესზე გადასვლის ნიუანსებიც განმარტა.
საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ოპოზიციის მოსაზრებები პარლამენტის წევრმა, ლელა ქებურიამ წარმოადგინა. მისი განცხადებით, შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას ერთი მიზანი - ქვეყნის წინსვლა აერთიანებს, თუმცა ამ საკითხს განსხვავებული მიდგომებით წარმოაჩენენ. ისევე როგორც ყველა შეხვედრაზე, ლელა ქებურიამ მარტვილშიც, ე.წ. ბონუსის სისტემის შემოღება და პრეზიდენტის არჩევის წესი გააპროტესტა და აღნიშნულთან დაკავშირებით პლებისციტის გამართვა ითხოვა.
კონსტიტუციის პროექტის ახალ რედაქციაში ადამიანის უფლებების თავში დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა თავის გამოსვლაში უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ. მან დეტალურად განმარტა კონსტიტუციის მეორე თავის შინაარსი და ყურადღება ახალ ძირითად უფლებების კონსტიტუციურ დონეზე აყვანასა და ცალკეული ნორმების გაზრდილ სტანდარტზე გაამახვილა. მანვე პრეზიდენტის სტატუსსა და მის უფლებამოსილებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ პრეზიდენტის სტატუსი, რაც ძირითადი ნიშნით - სახელმწიფოს მეთაურით, უმაღლესი მთავარსარდლით და საგარეო ურთიერთობებში ქვეყნის წარდგენით განისაზღვრება, ახალ რედაქციაში უცვლელი რჩება. რაც შეეხება უფლებამოსილების ნაწილს, აქ მხოლოდ მცირეოდენი ცვლილება განხორციელდება.
შეხვედრის დასკვნით ნაწილში ადგილობრივ მოსახლეობას მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ მიმართა. „საერთო სახალხო განხილვების მთავარი მიზანი არის შევაგროვოთ ხალხის პოზიციები და ყველა ის მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც განსახორციელებელია კონსტიტუციაში, ჩვენს მიერ იქნება გათვალისწინებული. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, საზოგადოებამ ქართულ ოცნებას მიანიჭა საკონსტიტუციო უმრავლესობა და ეს გუნდის თითოეული წევრისთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მე გპირდებით ყველას სახელით, ჩვენ ძალისხმევას არ დავიშურებთ რომ თქვენი ნდობა გავამართლოთ. ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა გვქონდეს ისეთი კონსტიტუცია, რომელიც იქნება მთელი საზოგადოების და არა ერთი კონკრეტული ადამიანის ან ერთი კონკრეტული პარტიის ინტერესებზე მორგებული“ - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
მომხსენებელთა გამოსვლების შემდეგ საყოველთაო სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. მოსახლეობამ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატა. შეკითხვები დაისვა: მიწის გასხვისების საკითხზე, შრომისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებებზე, მანდატების გადანაწილების საკითხებზე.