სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუციური კანონის პროექტზე ყაზბეგის რაიონში იმსჯელეს

კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საყოველთაო-საჯარო განხილვა დღეს ყაზბეგის რაიონში ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით გაიმართა.
დაბა სტეფანწმინდის პირველ საჯარო სკოლაში შეკრებილ მოსახლეობას კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების ძირითადი პრინციპები და მიმართულებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშილმა გააცნო. მისი ინფორმაციით, საკამოდ მოცულობითი სამუშაო შესრულდა, ცვლილებები შეეხო თითქმის ყველა მუხლს. მომხსენებელმა კანონპროექტის შექმნის აუცილებლობისა და ცვლილებების განხორციელების გარემოებების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონი, რომელშიც ცვლილებები 2010 წელს შევიდა, მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს და ახალი პროექტის შემუშავებაც ამან განაპირობა.
ანრი ოხანაშვილმა მოსახლეობას შეახსენა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე, რომელმაც ქვეყანაში არსებული მმართველობის სისტემა სრულიად ახლებურად უნდა მოაწესრიგოს, რამაც ქვეყნის სტაბილური და დემოკრატიული განვითარება უნდა უზრუნველყოფს.
ანრი ოხანაშვილის განცხადებით, პირველ თავში ძალიან მყარად არის განმტკიცებული ჩვენი კონსტიტუციის მთავარი ფუძემდებლური პრინციპები - დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპები. თითოეულ მათგანს ეთმობა ცალკე მუხლი და კონკრეტული გარანტიებია შექმნილი თითოეული ამ პრინციპის რეალიზაციისათვის.
კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, რომელიც ადამიანის უფლებებს ეხება, ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება მაღალი სტანდარტებით მომხდარიყო ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიების ჩადება კონსტიტუციაში. შემდეგ კი მოსახლეობას დეტალურად გააცნო იმ ცვლილებათა არსი, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. მისივე თქმით, განსაკუთრებულია ის ფაქტი, რომ კონსტიტუციურ რანგშია აყვანილი სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა, გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვა. ასევე კონსტიტუციურ დონეზეა აყვანილი ქორწინების საკითხი, შრომითი უფლებები და სხვა.
ანრი ოხანაშვილმა ყურადღება გაამახვილა პარლამენტის არჩევის საკითხზე და განცხადა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა საქართველოში ჩამოყალიბდეს დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. მისი თქმით, საარჩევნო ბლოკების გაუქმება იმის წინაპირობა იქნება, რომ პარტიებს მეტი განვითარების შანსი მიეცეს. მაჟორიტარული სისტემის გაუქმება კი, მისი შეფასებით, პრევენცია იქნება იმისათვის, რომ ერთმა პარტიამ არ მოიპოვოს პარლამენტში უმრავლესობა.
მან ყურადღება გაამახვილა მთავრობისა და პრეზიდენტის თემაზე, პარლამენტის როლზე მთავრობის საქმიანობის გაკონტროლების კუთხით, პრეზიდენტის ინსტიტუტზე, როგორც ერთგვარ დამაბალანსებელ ფაქტორზე, რომელსაც გამანეიტრალებელი ფუნქცია ეკისრება და აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის საკითხზეც ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ ამგვარად არჩეული პრეზიდენტი შეიძლება იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი.
ანრი ოხანაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო მიწასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელსაც განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს მოსახლეობა ყველა კუთხეში, მათ შორის ყაზბეგის რაიონშიც.
„მიწა ქართველ ხალხს უნდა ეკუთვნოდეს და მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს მისი გაყიდვა. კონსტიტუციაშიც ვფიქრობთ ასეთი ჩანაწერი გაკეთდეს: „მიწა არის განსაკუთრებული რესურსი, რომელსაც იცავს ორგანული კანონი“. სახელმწიფოს და მთავრობას მითითებას ვაძლევთ, მაქსიმალურად შეიზღუდოს მიწის გასხვისება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტია, პარლამენტი მზადაა თანამშრომლობისათვის, და ეს საყოველთაო-სახალხო განხილვებიც ამის დასტურია.
მოსახლეობას „საქართველოს პატრიოტების“ პოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ პარტიის ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ინაშვილმა გააცნო. როგორც მან განაცხადა, ცვლილებათა პაკეტში ბევრი საკითხია, რომელსაც პატრიოტები მხარს უჭერენ. ასეთია თუნდაც ქორწინების დეფინიცია, მაგრამ არის საკითხები, რომლებშიც მმართველი პარტიისაგან განსხვავებული პოზიცია აქვთ. ეს ეხება საარჩევნო სისტემას - „ჩვენ გვინდა ქვეყანაში იყოს ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც სხვა პარტიებსაც მისცემს განვითარების საშუალებას“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მიუღებელია დარჩენილი მანდატების განაწილების წარმოდგენილი ვარიანტი. „მთავარი ფუნდამენტური სისტემა - სამართლიანობა დაცული იქნება მაშინ, თუ გაუნაწილებელი ხმები ბარიერგადალახულ ყველა პარტიაზე გადანაწილდება“, - აღნიშნა მან.
საარჩევნო ბლოკების გაუქმება, 5% ბარიერი, გაუნაწილებელი მანდატების საკითხები - ეს ის საკითხებია, რაშიც „საქართველოს პატრიოტებს“ განსხვავებული პოზიცია უკავია. ირმა ინაშვილმა ყურადღება პრეზიდენტის არჩევის წესზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ფაქტობრივად არჩევის ორივე ფორმა - პირდაპირი, ხალხის მიერ, თუ არაპირდაპირი - ორივე შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიულია. ირმა ინაშვილი მიწის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში უნდა გაკეთდეს ჩანაწერი იმის შესახებ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწა ეკუთვნის ქართველ ხალხს და არ უნდა იყიდებოდეს უცხოელებზე. მან იმედი გამოთქვა, რომ მნიშვნელოვან ცვლილებებზე საყოველთაო შეთანხმება მოხდება.
პოზიციები წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამოხატეს ასევე მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებმა მირიან წიკლაურმა და გიორგი ხატიძემ.
ზაქარია ქუცნაშვილმა განსაკუთრებული ყურადღება მიწის საკითხზე გაამახვილა და განაცხადა, რომ უნდა მოიძებნოს ისეთი სამართლებრივი ფორმა, რომ მიწა არ აღმოჩნდეს უცხოელების ხელში. იგი ემხრობა შერეული საარჩევნო სისტემის დატოვებას, რათა უპარტიო ადამიანებს მიეცეს შესაძლებლობა პარტიებისგან დამოუკიდებლად იყარონ კენჭი. მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება - შევიდეს რომელიმე პარტიაში, ან დამოუკიდებლად იყაროს კენჭი. იგივე მოსაზრებებს უჭერს მხარს მირიან წიკლაურიც.
გიორგი ხატიძის განცხადებით, მართალია სხვადასხვა საკითხზე აზრთა სხვადასხვაობა დაფიქსირდა, მაგრამ საკონსტიტუციო პროექტის განხილვის პროცესი არის ღია და გამჭვირვალე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. „პროცესი გრძელდება და იმედია ისეთ დასასრულამდე მივალთ, რომელიც მისაღები იქნება როგორც ქვეყნისათვის, ისე ხალხისათვის“, - აღნიშნა გიორგი ხატიძემ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებების ცალკეულ მიმართულებებზე დამატებითი განმარტებები გააკეთა.
ძირითადი გამოსვლების დასრულების შემდეგ, განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კითხვები ძირითადად მაჟორიტარულ არჩევნებს, საარჩევნო ბლოკების და მიწის საკითხებს, მთაში მცხოვრებთა სოციალური დაცვის გარანტიებს ეხებოდა. პარლამენტის წევრებმა მოსახლეობის კითხვებს უპასუხეს და გარკვეულ საკითხებზე დამატებითი განმარტებებიც გააკეთეს.
კონსტიტუციური კანონის პროექტის შემდეგი საყოველთაო-სახალხო განხილვა 28 მაისს, მარტვილში შედგება.