სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა კასპში

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა დღეს კასპში გაიმართა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ანრი ოხანაშვილი კასპის კულტურის ცენტრში შეკრებილ საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასა და მიზნებზე ესაუბრა.
მან კონსტიტუციის ცალკეულ თავებსა და მუხლებში ასახული ცვლილებების შესახებ დამსწრეთ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ „კონსტიტუცია, რომელიც დღეს მოქმედებს სერიოზულ ხარვეზებს შეიცავს, რომლებიც უნდა გასწორდეს და ამაზე თანხმდება ყველა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც, საერთაშორისო ორგანიზაციებიც“. ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა იმ ძირითად ელემენტებზე, რომელიც კონსტიტუციური კანონის პროექტშია ასახული, მმართველობის ახალ სისტემას ქმნის და ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.
„ქვეყანა უნდა მართოს ძლიერმა პარლამენტმა. პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, მთავრობა ქმედითი და სასამართლო დამოუკიდებელი. მთავრობა ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ანგარიშვალდებულია თქვენს წინაშე. ახალი რედაქციით დაიხვეწა უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, დადგინდა პარლამენტის წინაშე პრემიერმინისტრისა და მთავრობის რეგულარული ანგარიშგების წესი, ძლიერდება პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია.
რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ თემას, რომელზეც ბევრს კამათობენ, გეტყვით, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა. ყველა ძლიერ საპარლამენტო ქვეყანას ახასიათებს პრეზიდენტის არჩევის ასეთი წესი და ეს არის დემოკრატიული პროცესი. ახალი პროექტით ჩვენ ვამკვიდრებთ მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპს და ესეც სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტიაა, რადგან, თუკი შესაძლებელია მოსამართლის ჩამოქვეითება ან სხვა რაიონში გადაყვანა, ეს მართლმსაჯულებაზე ზემოქმედების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
მომხსენებელმა ოთხი ფუნდამენტური პრინციპის შესახებ ისაუბრა, რომელიც კონსტიტუციის ახალი რედაქციით არის გარანტირებული. ესენია დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სოციალური სახელმწიფო და ეკონომიკური თავისუფლება.
მისი განმარტებით, ტერიტორიული მოწყობის საკითხში პრინციპული ცვლილება არ შესულა, უცვლელი დარჩა 1995 წლის კონსტიტუციაში ჩადებული გზავნილი და ეს საკითხი არ გადაისინჯება მანამ, სანამ არ აღდგება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
ანრი ოხანაშვილის თქმით, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით ფუნდამენტურ ცვლილებებს ითვალისწინებს. დახვეწილია ნორმები და დგინდება ახალი უფლებები ფიზიკური ხელშეუხებლობის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, შშმ პირთა უფლებების, მეწარმეობის თავისუფლების, სოციალური თავისუფლების, ტექნოლოგიური სიახლეებისა და ინტერნეტთან თავისუფალი წვდომის შესახებ.
მომხსენებელმა ასევე განმარტა, რომ კონსტიტუციის გარდამავალ დებულებას ემატება სპეციალური ჩანაწერი ევროკავშირში და ნატოში სრული ინტეგრაციისათვის ყველა კონსტიტუციური ორგანოს მონაწილეობის თაობაზე.
მან საარჩევნო სისტემის გარდაქმნის შესახებაც გააკეთა განმარტება, მისი თქმით, წარსული ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით სრულიად გამართლებულია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.
„თქვენთან მსჯელობით მივიღებთ კონსტიტუციის პროექტს, შემდეგ განვიხილავთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და წინადადებებს, მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავს მას პარლამენტი და მივიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება დემოკრატიისკენ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
დამსწრეთ საპარლამენტო ოპოზიციის მოსაზრებები გააცნეს „ევროპული საქართველოს“ წევრებმა გიგი წერეთელმა და სერგო რატიანმა. მათ იმ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომელზეც საპარლამენტო ოპოზიციას კრიტიკული მოსაზრებები აქვს. გიგი წერეთლის თქმით, „არჩევნების პროპორციულ სისტემას ჩვენც ვეთანხმებით, მაჟორიტარული სისტემა, მით უმეტეს იმ სახით, როგორც ბოლო არჩევნების დროს იყო გადანაწილებული ოლქები, ჩვენთვისაც მიუღებელია, მაგრამ არ ვეთანხმებით იმ ინსტრუმენტს, იმ ჩანაწერს, რომლითაც ხმების, ეგრეთ წოდებული ბონუსების არასამართლიანი გადანაწილება ხდება, რაც პირველ ადგილზე გასულ პარტიას საშუალებას აძლევს მცირე განსხვავების შემთხვევაშიც კი მიიღოს საპარლამენტო და შესაძლოა საკონსტიტუციო უმრავლესობაც კი. ჩვენ ვითხოვთ დარჩენილი მანდატები გადანაწილდეს არჩევნებში მიღებული პროცენტების მიხედვით“, - განაცხადა მან. მისივე განცხადებით, პრეზიდენტს უნდა ირჩევდეს ხალხი და პარლამენტის ადგილსამყოფელი უნდა იყოს ქუთაისში.
სერგო რატიანის განცხადებით, საქართველოს მომავალი უნდა გადაწყვიტოს ხალხმა. მან ხელისუფლებას საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდა.
„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია შეთავაზებული საარჩევნო სისტემა და „პატრიოტთა ალიანსი“ პლებისციტის ჩატარების იდეას ემხრობა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ხატიძემ საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობაზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ხატიძემ ისაუბრა პრეზიდენტის არჩევისა და მოსამართლეთა დანიშვნის ახალ წესზე და ე.წ. ბონუსის გადანაწილების პრინციპთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, კობა ნარჩემაშვილმა კონსტიტუციის პროექტი სამართლებრივ და პოლიტიკურ ჭრილში განიხილა და განაცხადა, რომ ახალ რედაქციაში სახალხო განხილვისას გამოთქმული შენიშვნები აისახება. კობა ნარჩემაშვილმა განმარტა, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები აუცილებლად იქნება გათვალისწინებული პროექტის საბოლოო ვარიანტში.
მომხსენებელთა გამოსვლების დასრულების შემდეგ, საყოველთაო-სახალხო განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
მოსახლეობამ კონსტიტუციურ კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოხატა. მოსაზრებებისა და შეკითხვების ძირითადი ნაწილი ადამიანთა კონსტიტუციური უფლებების დაცვას უკავშირდებოდა. შეკითხვები დაისვა პრეზიდენტის არჩევის წესზე, შრომისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებებზე, მიწის გასხვისების საკითხზე.
პარლამენტის წევრებმა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს.
შეხვედრის დასასრულს, ანრი ოხანაშვილმა კასპის მოსახლეობას ინტერესისა და აქტიურობისათვის მადლობა გადაუხადა. „თქვენი მოსაზრებები და წინადადებები ჩვენთვის ყურადსაღები და მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ თავს უფლებას არ მივცემთ, კონსტიტუცია ჩაკეტილ კარს მიღმა, ხალხის ნების გარეშე იწერებოდეს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.