სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ვენეციის კომისიის დელეგაციამ საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გამართა

საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ პარლამენტში ოპოზიციური ფრაქციების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა. სტუმარმა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით დეპუტატების მოსაზრებები მოისმინა და მათ სამართლებრივ შეფასებაში დახმარება აღუთქვა.

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრებთან შეხვედრისას ძირითადი ყურადღება მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხზე გამახვილდა. ფრაქციის თავმჯდომარემ, გიორგი ლომიამ კომისიის პრეზიდენტს საკითხის მომზადების არსი გააცნო და აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მომზადებული კანონპროექტი ჯერ კიდევ წინა მოწვევის პარლამენტს წარედგინა, მაგრამ მისი კენჭისყრა და მაჟორიტარული სისტემის გაუქმება არ მომხდარა.

აღნიშნული საკითხის მნიშვნელობაზე საუბარი უმცირესობაში შემავალ ფრაქციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გაგრძელდა. პარლამენტის წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის შეფასებით, საარჩევნო სისტემის ცვლილება და მაჟორიტარული არჩევნები ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხია და აუცილებელია აღნიშნული სისტემის გაუქმება. მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიის დელეგაციასთან შეხვედრისას საუბარი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის საკითხსაც შეეხო.

„მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა უცვლელად უნდა დარჩეს. სხვაგვარად პრეზიდენტის უფლებამოსილებები კიდევ უფრო შეიკვეცება და ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ბალანსი შეიცვლება“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ და კომისიის მდივანმა ტომას მარკერტიმ შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესთან და საქართველოს პრეზიდენტთან დილიდანვე გამართა. პარლამენტში გამართული შეხვედრების დასრულების შემდეგ, კომისიის დელეგაცია იუსტიციის სამინისტროში თეა წულუკიანთან შესახვედრად გაემგზავრა.