სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ვენეციის კომისიის დელეგაცია სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეოთხე სამუშაო ჯგუფის წევრებს შეხვდა

ვენეციის კომისიის დელეგაციის წევრები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას, კონსტიტუციის შესაბამის თავში არსებული მუხლების ახალი რედაქციით დაინტერესდნენ. აღინიშნა, რომ თვითმმართველობის თავი კონსტიტუციაში 2010 წლის ცვლილებების შემდეგ, ვენეციის კომისიასთან მჭიდრო კონსულტაციების შედეგად ჩაიწერა და თვითმმართველობების ძირითადი უფლება-მოსილებები და გარანტიები თავიდანვე სწორად გაიწერა. თუმცა, როგორც შეხვედრისას აღინიშნა, ეს გარანტიები კიდევ უფრო დაიხვეწა, რაც ვენეციის კომისიის წევრებამა დადებითად შეაფასეს. საუბარია სახელმწიფოს მხრიდან თვითმმართველობების უფლებამოსილებების ფინანსური უზრუნველყოფის ვალდებულებაზე, რომელიც მოქმედ კონსტიტუციაში მკაფიოდ არ იყო გაწერილი.

„საქართველოს კონსტიტუციაში თვითმმართველობის თავი, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, მუხლების და ჩანაწერების თანმიმდევრობის მიხედვით, უფრო სწორედ დალაგდა, რამაც თვითმმართველობის უფლებამოსილება უფრო გამოკვეთა და კიდევ უფრო მკვეთრი გახადა. ვენეციის კომისიის დელეგაციამ მოიწონა სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა და აღინიშნა, რომ თვითმმართველობის თავი კონსტიტუციაში ყველაზე ნაკლებად პრობლემური და მოწესრიგებული თავია“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა.

ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის თავთან დაკავშირებით, ვენეციის კომისიამ სამუშაო ჯგუფის წევრებს, დროებითი რეგულაციების გამოყენებით, მოქმედი ნორმის განსხვავებული მიდგომა შესთავაზა.