სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდნენ.
თამარ ჩუგოშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივანმა კომისიის წევრებთან ერთად სტუმრებს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის ძირითადი პრინციპები, მიზნები და მუშაობის წესი გააცნო.
შეხვედრისას საუბარი იყო საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებულ საკითხებზე, გაუნაწილებელი მანდატებისა და ბლოკების თემაზე.
„მე მგონი, არანაირი კითხვა არ ჩნდება იმასთან დაკავშირებით, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა არის მაქსიმალურად გამჭვირვალე და ჩართულობითი. მომართული ვართ, რომ მაქსიმალურად დაახლოვდეს პოზიციები და შევძლოთ კონსენსუსით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები სხვადასხვა საპარლამენტო ფრაქციებიდან და კომისიის წევრი ექსპერტები.