სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფის სხდომა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, დღეს პირველ სხდომას მართავს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, სხდომის დასაწყისში, კონსტიტუციური კანონპროექტის მომზადებასთან დაკავშირებული პროცესი განმარტა. მისი თქმით, დღევანდელ სხდომაზე განხილული იქნება კომისიაში წარმოდგენილი ინიციატივები, რის საფუძველზეც, მეორე სხდომისთვის, რომელიც დაახლოებით ერთ თვეში გაიმართება, უკვე მომზადებული კონკრეტული კანონპროექტი იქნება წარმოდგენილი თავისი ალტერნატივებით. მესამე რაუნდის სხდომებზე კი, რომელიც მარტის შუა რიცხვებში გაიმართება, შედგება რედაქციული დისკუსია კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით. „ამის საფუძველზე, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ მომზადებული დოკუმენტი, კონსტიტუციური კანონპროექტი წარვუდგინოთ საქართველოს პარლამენტს განსახილველად, რის შემდეგაც დაიწყება საყოველთაო-სახალხო განხილვა და შემდეგ, უკვე საპარლამენტო მოსმენები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ კომისია შეძლებს მუშაობის დასრულებას აპრილის ბოლომდე, რაც პარლამენტის დადგენილებით არის გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნება ამ სესიაზე კანონპროექტის ორი მოსმენით მიღება. „ეს მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულოთ უკვე რეფორმაზე მუშაობა. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მიერ დაგეგმილი პროცესი ამ ვადებში მოქმედების შესაძლებლობას გვაძლევს. მთავარია, რომ ჩვენ შევქმნათ მაღალი ხარისხის დოკუმენტი და ეს დოკუმენტი შევიმუშაოთ მაქსიმალურად ფართო ჩართულობის საფუძველზე და ინკლუზიური პროცესის საფუძველზე. თუ ეს მიზნები ვერ იქნება მიღწეული აპრილის ბოლომდე, ასეთ შემთხვევაში, არაფერი უდგას წინ კომისიის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, პარლამენტის საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი კახიანის განცხადებით, კომისიის სამუშაო ჯგუფის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი იყო პარლამენტის საქმიანობასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მათ შორის ერთ-ერთი თემა იყო პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხი. მისივე თქმით, ადგილსამყოფელის საკითხთან დაკავშირებით, კომისიის თითქმის ყველა მონაწილე, გარდა ერთი წევრისა, ერთ აზრზე იყო. „დასახელდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ შეიძლება საკითხი მოწესრიგდეს. კერძოდ, ერთია ის, რომ კონსტიტუციიდან საერთოდ ამოვიღოთ ნორმა, რომელიც პარლამენტის ადგილსამყოფელს განსაზღვრავს და ადგილსამყოფელის საკითხი განისაზღვროს პარლამენტის რეგლამენტით. მეორე მოსაზრებაა ის, რომ პირდაპირ კონსტიტუციაში გაიწეროს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. იყო ასეთი მოსაზრებაც, ხომ არ გაიწეროს კონსტიტუციაში, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი არის ქვეყნის დედაქალაქი“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
როგორც საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, საპროცედური საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, კონსტიტუციის მესამე თავის მუხლობრივად განხილვამდე, მსჯელობა გაიმართა საკითხზე ერთ პალატიანი უნდა იყო საქართველოს პარლამენტი, თუ ორ პალატიანი. მისივე თქმით, საუბარი შედგა, აგრეთვე, საარჩევნო სისტემებზე, პარლამენტის წევრთა ცენზებზე და სააარჩევნო ბლოკებთან დაკავშირებით. გიორგი კახიანის განცხადებით, გამოითქვა მოსაზრება, რომ პარლამენტის რეგლამენტის მარეგულირებელ ნორმაში გაჩნდეს დებულება, რომელიც განსაზღვრავს, რომ რეგლამეტის ინიცირება შეუძლია მხოლოდ პარლამენტის წევრს. „ამ შემთხვევაში რეგლამენტთან მიმართებაში არის სპეციალური სუბიექტი და მოითხოვეს, რომ ეს სპეციალური სუბიექტი დაკონკრეტდეს და ასევე დაკონკრეტდეს, რომ მას ხელს აწერს თავმჯდომარე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარეძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დღევანდელ დღეს არც ერთ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. „ჩვენ ვმუშაობთ რეკომენდაციებზე, პროექტზე და დარწმუნებული ვარ, რომ იმდენად პროფესიონალი ადამიანების ჩართულობით ხდება ეს ყველაფერი, რომ მივიღებთ ისეთ კონსტიტუციას, რომელიც ჩვენ შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას შეუწყობს ხელს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, აზრთა სხვადასხვაობაა როგორც საზოგადოებაში, ასევე, მმართველ გუნდში. „დღეს აზრთა სხვადასხვაობა ძალიან გამოიკვეთა კომისიის შემადგენლობაშიც. ჩვენ ვთანმხდებით ერთ პრინციპზე, რომ გადაწყვეტილებამ არ უნდა დააზიანოს ქვეყნის ინტერესი. პირადად ჩემი აზრი იყოს ის, რომ თუ ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე მაჟორიტარულიდან, ამ შემთხვევაში უნდა იყოს მყარი გარანტია იმისა, რომ რაც შეიძლება ნაკლები შანსი იყოს პოლიტიკური კრიზისების. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ მივიღებთ ოპტიმალურ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, 15 დეკემბერს შეიქმნა და მის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფია. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.