სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

თამარ ჩუგოშვილი ვენეციის კომისიის მდივანს შეხვდა

„ევროპელი კოლეგების შეფასებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები ძალიან პოზიტიური და სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯია ყველა მიმართულებით", - ამის შესახებ საქართველოს პარლმენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ვენეციის კომისიის მდივანთან, თომას მარკერტთან სტრასბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

თამარ ჩუგოშვილმა და თომას მარკერტმა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობისა და მომზადებული პროექტის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებმაც აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის განცხადებით, თომას მარკერტმა დაადასტურა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესსა და უშიშროების საბჭოსთან დაკავშირებით სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული ცვლილებები შესაბამისობაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან.

„ყურადღება გავამახვილეთ იმ ნორმებზე, რომლებზეც განსხვავებული მოსაზრებები არის საქართველოში და რომლებზეც კრიტიკა ისმის - ამ საკითხებზე, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღებით ვისაუბრეთ. ზოგადი შეფასება არის ის, რომ ტექსტი და ცვლილებები არის ძალიან პოზიტიური და ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯები ქვეყნისთვის ყველა მიმართულებით, განსაკუთრებით, საარჩევნო სისტემის ცვლილების კუთხით. რაც შეეხება კონკრეტულ მოსაზრებებს, რამდენიმე, შედარებით ტექნიკური ხასიათის შენიშვნა შეიძლება ჰქონდეს ვენეციის კომისიას“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ორ კონკრეტულ თემაზე შემიძლია გითხრათ - ერთი შეეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესს, რომელზეც ჩვენ მოვისმინეთ ბევრი კრიტიკა, რომ პრეზიდენტს თითქოს ვართმევდით გარკვეულ უფლებამოსილებას, ვენეციის კომისიის ექსპერტებმა დაგვიდასტურეს, რომ ეს არის სწორი ჩანაწერი, ეფუძნება მათ რეკომენდაციას და შესაბამისად, თავად სასამართლო სისტემას უნდა ჰქონდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატურების დასახელების უფლება. იგივე ეხება ზუსტად უშიშროების საბჭოს თემას. ანუ პრეზიდენტის უფლებამოსილებასთან დაკავშირებით, ორი ცვლილება, რომელიც პროექტშია, ვენეციის კომისიამ დაგვიდასტურა, რომ სწორად არის ასახული და ასეც უნდა იყოს და ეს სრულ შესაბამისობაშია მათ რეკომენდაციებთან. ეს იმ სპეკულაციების დასასრულებლად, რასაც, სამწუხაროდ, ადგილი ჰქონდა - ამ ორ თემაზე ზუსტად ვიცით პოზიცია და შეცვლას არ ექვემდებარება“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

მისივე განცხადებით, ვენეციის კომისიას შენიშვნები არ აქვს და ცალსახად პოზიტიურად აფასებს ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან, ხუთპროცენტიან ბარიერთან და ბლოკებთან დაკავშირებით.

შეხვედრას თამარ ჩუგოშვილთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, ნინო გოგუაძე ესწრებოდა.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია სტრასბურგში ვიზიტს აგრძელებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სასესიო და საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობის პარალელურად, ქართველი დეპუტატები მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ.