სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა შეაჯამა

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომელიც კომისიას ხელმძღვანელობს, მედიასთან კომენტარი გააკეთა და პირველი სხდომის შედეგები შეაჯამა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისია  მუშაობას იანვრის შუა რიცხვებიდან განაახლებს.

 

„გვქონდა ძალიან პროდუქტიული შეხვედრა. ერთად ვიმსჯელეთ სამომავლო მუშაობის გეგმებზე. კომისია მუშაობას განაახლებს უკვე ნაახალწლევს, დაახლოებით იანვრის შუა რიცხვებიდან დაიწყება კომისიის სამუშაო ჯგუფების სხდომები. გვაქვს ოთხი სამუშაო ჯგუფი შექმნილი, სადაც გადანაწილებულები არიან სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრები და ამ სამუშაო ჯგუფებში წარიმართება ძალიან აქტიური მუშაობა, რომელიც, ბუნებრივია, დასრულდება შესაბამისი შედეგით, ჩვენი ამოცანა არის კონსტიტუციის დახვეწა და ეს მიზანი იქნება მიღწეული“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, კომისიის ფარგლებში, ოთხი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა: ადამიანის უფლებები და სასამართლო ხელისუფლება; პარლამენტისა და ფინანსების გადასინჯვის;  პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხების;  ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის.

ჟურნალისტების კითხვის პასუხად, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ვადებთან დაკავშირებით დღევანდელ სხდომაზე კითხვები არ დასმულა, თუმცა, თუ დოკუმენტის ხარისხს საფრთხე შეექმნა, ვადის გახანგრძლივება შესაძლებელია.

„დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ არა მარტო ვადებზე, არამედ კონკრეტულ პროცესზე, იმაზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ სამუშაო პროცესი და აქედან გამომდინარე, დამატებითი კითხვები აღარ დასმულა ვადებთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ საფრთხე შეექმნა მოსამზადებელი დოკუმენტის ხარისხს, ამ პროცესის ინკლუზიურობას, ასეთ შემთხვევაში ვადის გახანგრძლივებას არაფერი უდგას წინ, თუმცა, ვფიქრობ, რომ ამის საჭიროება არ იქნება. ოთხი თვის ვადაში არის შესაძლებელი ხარისხიანი დოკუმენტის მომზადება ინკლუზიური პროცესის საფუძველზე“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გამოთქვა იმედი, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას შეცვლიან და კომისიის მუშაობაში ჩაერთვებიან.  რაც შეეხება ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას იმის შესახებ, რომ ისინი პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლას  მხარს არ დაუჭერენ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რომ არცერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით, წინასწარი გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ერთადერთი მიღებული გადაწყვეტილება მმართველობის ფორმას ეხება.

„გვაქვს ძალიან მყარი პოზიცია ერთ საკითხთან დაკავშირებით - ჩვენ არ გვაქვს არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არცერთ კონსტიტუციურ დებულებასთან დაკავშირებით და ეს მიდგომა შევთავაზეთ კომისიის წევრებს. ძალიან კარგი იქნება, თუ კომისიის სხვა წევრებიც ანალოგიური მიდგომით იმუშავებენ. არ არის სწორი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებების გახმოვანება. ჩვენ სუფთა ფურცლიდან უნდა დავიწყოთ დოკუმენტზე მუშაობა. ასეთ შემთხვევაში ასეთი მიდგომის საფუძველზე, ყველაზე კარგად წარიმართება სამუშაო პროცესი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ანუ არცერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება არცერთ ნორმასთან დაკავშირებით. ერთადერთი წინასწარ მიღებული გადაწყვეტილება გვაქვს შემდეგ საკითხზე-ეს არის მმართველობის ფორმა. მმართველობის ფორმას ჩვენ შევინარჩუნებთ. ეს არის საპარლამენტო მმართველობის ფორმა, რომელიც მოქმედებს დღეს. ეს ფორმა არ შეიცვლება, დარჩება საპარლამენტო მმართველობა, რაზეც დღეს ვისაუბრეთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კომისიის მსჯელობის ერთ-ერთი თემა იქნება საარჩევნო სისტემაც.