სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა მცხეთაში გაიმართა

„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ მორიგი შეხვედრა დღეს მცხეთაში გამართა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მცხეთა-მთიანეთის მოსახლეობას ესაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შედის.

მისი თქმით, მოქმედი კონსტიტუცია ეწინააღმდეგება სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს, რაც ხაზგასმით იყო ნათქვამი ვენეციის კომისიის 2010 წლის დასკვნაში. პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი ფუნდამენტური პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ დღევანდელი კონსტიტუცია აყალიბებს ძალიან დაუხვეწავ მმართველობის სისტემას.

„ეს არის დაუხვეწავი მმართველობის სისტემა, რომელიც ჩამოყალიბდა 2010 წლის ცვლილებების საფუძველზე. ჩვენი ამოცანა იყო ამ დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემის გარდაქმნა დახვეწილ საპარლამეტო მმარველობის სისტემად. მოქმედი კონსტიტუცია არის დაუხვეწავი იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისითაც კი. არის უამრავი ხარვეზი მოქმედ კონსტიტუციაში დაწყებული ტექნიკური, შინაარსობრივი ხარვეზებით, დამთავრებული გრამატიკული ხარვეზებითაც კი. მოქმედი კონსტიტუცია სტრუქტურულად აბსოლუტარად გაუმართავია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე თქმით, კომისიის მიერ შემუშავებულ დოკუმენტში ზემოთ ჩამოთვლილი ხარვეზები გამოსწორებულია.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ცვლილებების ძირითადი არსია: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. „ამ ოთხ ძირითად ელემენტს ეფუძნება ის სისტემა, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ მიერ შემუშავებულ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე შეკრებილ საზოგადოებას კონსტიტუციური კანონის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო.

„კონსტიტუციის პირველ თავში გარანტირებულია ჩვენი კონსტიტუციის ოთხი ფუნდამენტური პრინციპი. ეს არის დემოკრატიის პრინციპი, სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპი, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპი. ეს ოთხივე პრინციპი დღესაც არის გარანტირებული მოქმედი კონსტიტუციით, თუმცა ერთგვარად ჩაკარგულია კონსტიტუციის პრეამბულაში და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თითოეული ამ ოთხი პრინციპისთვის დაგვეთმო სპეციალური მუხლი, რაც კონსტიტუციის დონეზე თითოეული პრინციპის გამყარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ტერიტორიული მოწყობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პრინციპული ცვლილებები არ განხორციელებულა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ ძალაში დაგვეტოვებინა ის გზავნილი, რომელიც კონსტიტუციაში 1995 წელს ჩაიდო. გზავნილის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ქვეყნის ტერიტორიული მოწყობა არ გადაისინჯება იქამდე, ვიდრე არ აღდგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ქვეყნის სრული იურისდიქცია. ეს არის ჩვენი გზავნილი. ჩვენ არ ვეხებით ამ საკითხს, ვიდრე არ გვექნება იმის საშუალება, რომ აფხაზეთის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის - ცხინვალის მოსახლეობასთან ერთად დავსხდეთ და ერთობლივად გადავწყვიტოთ ჩვენი ტერიტორიული მოწყობის საკითხები“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დოკუმენტის ამ თავში, რომელიც აწესრიგებს ადამიანის ძირითად უფლებებს და თავისუფლებებს, შეტანილია ფუნდამენტური ცვლილებები.

„დგინდება ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო გარანტირებული კონსტიტუციის მეორე თავით, ან მხოლოდ არაპირდაპირი სახით იყო გარანტირებული. ასეთი არაერთი ძირითადი უფლებაა: ფიზიკური ხელშეუხებლობა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობა, შეზღუდული შესაძლებლობების პირთა უფლებები, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, უფლება სამართლიან ადმინისტრაციულ წარმოებაზე, მეწარმეობის თავისუფლება და ა.შ.“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, რიგ უფლებებზე გაზრდილია მათი დაცვის სტანდარტი. ეს ეხება თანასწორობის უფლებას, პირადი სივრცის და კომუნიკაციის ხელშეუხებლობას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის უფლებას და ა.შ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ფინანსებისა და კონტროლის თავშიც პრინციპული ცვლილებები შევიდა და დოკუმენტზე მუშაობის პროცესში გათვალისწინებული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც აუდიტის სამსახურმა, ეროვნულმა ბანკმა და სხვა შესაბამისმა უწყებებმა წარმოადგინეს.

ირაკლი კობახიძის განაცხადებით, ფუნდამენტური ცვლილებები შევიდა თავდაცვისა და უსაფრთხოების თავში. „დღეისათვის ეს სფერო აბსოლუტურად მოუწესრიგებელია საქართველოს კონსტიტუციით. შემოთავაზებული რედაქციით, თავადაცვისა და უსაფრთხოების საკითხები არის მკაფიოდ და სწორად მოწესრიგებული, სწორად არის გადანაწილებული შესაბამისი კომპეტენციები მთავრობასა და პრეზიდენტს შორის“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, პროექტში, ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებისთვის ახალი გარანტიებია შეტანილი. კერძოდ, დგინდება ე.წ. სუბსიდიარობის პრინციპი, რომელიც მკაფიოდ მიჯნავს კომპეტენციებს სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის. ასევე, განსაზღვრულია ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური სახსრების მის კომპეტენციასთან შესაბამისობის პრინციპი, განმტკიცებულია თვითმმართველობის ორგანიზაციული ავტონომია, საკადრო პოლიტიკის ავტონომია და ა.შ.

„ეს არის ახალი გარანტიები, რომელიც ჩაიდო საქართველოს კონსტიტუციაში და ეს არის ის რეგულაციები, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის შემდგომ გაძლიერებას საქართველოში“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, დაიხვეწა კონსტიტუციის გადასინჯვის წესი და შემოდის ორმაგი ვოტუმის პრინციპი, რაც გულისხმობს იმას, რომ ერთი პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სჭირდება მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცება იმისათვის, რომ ძალაში შევიდეს საკონსტიტუციო ცვლილებები.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციური პროექტის ახალი რედაქცია ბევრ მნიშვნელოვან სიახლეს მოიცავს, მათ შორის, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტების საკონსტიტუციო დონეზე აყვანას.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ გარდამავალ დებულებებს ემატება სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც ყველა კონსტიტუციურ ორგანოს ევალება მიიღოს ყველა ზომა, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად.

„ეს არის ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი, რომელიც უკვე კონსტიტუციის დონეზეა ასახული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ახალი რედაქციით, მომზადდა კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. „ესეც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. მოქმედი კონსტიტუციური კანონი შეიცავს უამრავ ხარვეზს სხვადასხვა თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მმართველობის სისტემის საკითხებზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველობის ახალი სისტემა ეფუძნება ოთხ ძირითად ელემენტს: ძლიერ პარლამენტს, ქმედით მთავრობას, დამოუკიდებელ სასამართლოს და ზეპარტიულ პრეზიდენტს.

ირაკლი კობახიძის განმარტებით, იზრდება მთავრობის, როგორც ანგარიშვალდებულების, ისე პასუხისმგებლობის ხარისხი საქართველოს პარლამენტის მიმართ, რაც მოქმედი კონსტიტუციის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა იყო.

„ეს პირველ რიგში გამოიხატება იმით, რომ დაიხვეწა უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ასევე, დადგინდა პრემიერ-მინისტრის და მთავრობის რეგულარული ანგარიშგების წესი საქართველოს პარლამენტის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაძლიერდეს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციები“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ძლიერდება ოპოზიციური პარტიების როლი საპარლამენტო ცხოვრებაში. ახალი რეგულაციის თანახმად, საგამოძიებო კომისიის შექმნა უმრავლესობის უფლებიდან უმცირესობის უფლებად გადაიქცა.

საარჩევნო სისტემაზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ შერეული საარჩევნო სისტემა პროპორციული სისტემით იცვლება, რაც მნიშვნელოვანი სიახლეა.

მისივე განმარტებით, დღეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა იურიდიულად არის აბსოლუტურად გამართული, თუმცა წარსულის ნეგატიური გამოცდილებიდან გამოდინარე, გადაწყდა არსებული სისტემის შეცვლა.

„საქართველოში ორჯერ მოხდა ისე, რომ ამ სისტემის წყალობით საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა ორმა სხვადასხვა ხელისუფლებამ და ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა ბოროტად იქნა გამოყენებული იმისთვის, რომ ჩამოყალიბებული ჯერ ნახევრად ავტორიტარული, ხოლო შემდეგ ავტორიტარული მმართველობა. ჩვენ, ჩვენი ხელით ვთმობთ საკუთარ სუბიექტურ პოზიციებს იმისთვის, რომ ქვეყანა დავაზღვიოთ ასეთი საფრთხეებისგან. ეს არის პრინციპული პოლიტიკური გადაწვეტილება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე საუბრისას აღნიშნა, რომ შემოთავაზებული პროპორციული სისტემა სამი ძირითადი ელემენტით ხასიათდება. მისი განცხადებით, პირველი თავისებურება არის საარჩევნო ბლოკების გაუქმება.

„ამის მიზანი არის ის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბდეს პარტიული სისტემა. დღეს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიანი ისტორიის შემდეგ, საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ჩამოყალიბებული პარტიული სისტემა და ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტია“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ძალაში რჩება 5%-იანი ბარიერი და პარტიებისთვის ამ ბარიერის დაწესება აპრობირებული პრაქტიკაა, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებში.

ირაკლი კობახიძემ საარჩევნო სისტემის მესამე ელემენტზე, ე.წ. ბონუსის ელემენტზე საუბრისას განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში გაუნაწილებელი მანდატები არჩევნებში გამარჯვებულ პარტიაზე ნაწილდება. მისივე თქმით, ბოლო ხუთი არჩევნების შედეგებით, ბონუსი საშუალოდ 5%-ს წარმოადგენს, ბოლო ოთხი არჩევნების მიხედვით ეს ციფრი 3.1%-ია, ხოლო ბოლო არჩევნებზე ეს მაჩვენებელი 8%-ია. „საუბარია მინიმალურ დანამატზე გამარჯვებული პარტიისთვის იმისათვის, რომ პლურალიზმთან ერთად უზრუნველყოფილი იყოს პოლიტიკური პროცესის სტაბილურობა, საარჩევნო უმრავლესობის და მთავრობის სტაბილური ფუნქციონირება“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ, კონსტიტუციურ კანონპროექტში, მთავრობის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ 2010 წელს მიღებული ცვლილებების საფუძველზე, რომელიც 2013 წელს ამოქმედდა, ფუნდამენტურად შეიცვალა კომპეტენციები, შეიცვალა მმართველობის სისტემა და დღეს ერთადერთი ორგანო, რომელიც მართავს ქვეყანას საქართველოს მთავრობაა, პრეზიდენტს კი ქვეყნის მართვის ფუნქცია ჩამოშორდა.

„ეს რეგულაცია რჩება ძალაში და ერთადერთი ორგანო, რომელიც საშინაო და საგარეო პოლიტიკას განახორციელებს იქნება მთავრობა და ეს ცენტრალური რეგულაცია უზრუნველყოფს ქმედითი მთავრობის ფუნქციონირებას ქვეყანაში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის კონსტიტუციაში ჩადებულია ახალი გარანტიები. მისი თქმით, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობა 13-დან სულ მცირე 28 მოსამართლემდე გაიზრდება, რაც დადებითად აისახება სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე და ეფექტიანობაზე. ასევე, იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენის წესი. კერძოდ, წარდგენაზე უფლებამოსილი იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რაც ვენეციის კომისიის 2010 წლის მკაფიო რეკომენდაცია იყო.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ დგინდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც იმას გულისხმობს, რომ არც ერთ შემთხვევაში მოსამართლეთა გადაადგილება ან მათი ჩამოშორება მუდმივი თანამდებობიდან არ შეიძლება გახდეს მათზე ზეწოლის საფუძველი. „წლების განმავლობაში ასეთი პრინციპის არარსებობა ბოროტად გამოიყენებოდა ხელისუფლების მიერ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, ახალი რედაქციით ხაზგასმით დგინდება, რომ არ შეიძლება სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. ასევე, მკაფიოდ რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, ხოლო პროკურატურა გამოდის აღმასრულებელი ხელისუფლების შემადგენლობიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო, რაც სასამართლოს დამოუკიდებლობის ერთ-ერთი გარანტიაა.

პრეზიდენტის სტატუსთან და კომპეტენციებთან დაკავშირებით საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სტატუსი დღეს გამოიხატება სამი ძირითადი ნიშნით. კერძოდ, პრეზიდენტი არის: სახელმწიფოს მეთაური, უმაღლესი მთავარსარდალი და საქართველოს წარმომადგენელი საგარეო ურთიერთობებში.

„სამივე ეს ნიშანი ანუ სტატუსი მთლიანად რჩება ძალაში. მთავარია, რომ ამ სტატუსმა და თითოეულმა ამ სამმა ნიშანმა არ შეგვიყვანოს შეცდომაში. მაგალითად, სახელმწიფოს მეთაური არ გავიგოთ ისე, რომ პრეზიდენტი მართავს ქვეყანას, ან გავიგოთ უმაღლესი მთავარსარდალი ისე, რომ თითქოს პრეზიდენტი არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე და არც წარმომადგენლობითი უფლება არ უნდა გავიგოთ ისე, რომ პრეზიდენტს აქვს მინიჭებული უპირატესი უფლება საგარეო პოლიტიკის სფეროში. თითოეული ეს ფუნქცია დღეს არის მთავრობის ხელში“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე განმარტებით, პრეზიდენტის უფლებამოსილებები არ იზღუდება და არანაირი არსებითი ცვლილება არ ხორციელდება. „ერთადერთი კომპეტენცია, რომელიც გადასინჯულია, ეხება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენას, რაც იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაცია. ხდება ასევე, უშიშროების საბჭოს ჩანაცვლება ეროვნული თავდაცვის საბჭოთი, რაც იყო ვენეციის კომისიის ექსპერტების რეკომენდაცია 2010 წელს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პრეზიდენტის არჩევის წესზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ იმ სისტემაში, როდესაც მოქმედებს საპარლამენტო სისტემა, უმჯობესია პრეზიდენტი ირჩეოდეს არაპირდაპირი წესით. „საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის დროს ჩნდება დიდი დისბალანსი მის ლეგიტიმაციასა და უფლებამოსილებებს შორის, რაც პრაქტიკაში წარმოშობს ხოლმე პრობლემებს, მათ შორის საქართველოს გამოცდილებამაც დაგვანახა ეს ყველაფერი“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, ევროკავშირის იმ ქვეყნებში, სადაც საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტები აირჩევიან არაპირდაპირი წესით, არასდროს ამ კუთხით სისტემური პრობლემები არ წარმოშობილა, ხოლო იქ, სადაც საპარლამენტო სისტემებში პრეზიდენტს პირდაპირი წესით ირჩევენ, უმეტეს შემთხვევაში წარმოიშვება სისტემური პრობლემები.

„კიდევ ერთხელ რომ შევაჯამოთ, ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ საპარლამენტო სისტემას დახვეწილი საპარლამენტო სისტემით და ეს სისტემა არის ოთხ ძირითად ელემენტზე აგებული: ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. ამ ელემენტების უზრუნველყოფას ემსახურება თითოეული ის ნორმა, რომელიც შედის კონსტიტუციაში.

მე კიდევ ერთხელ მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომისიის თითოეულ იმ წევრს, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობდა კომისიის ფორმატში. სწორედ მათმა მონაწილეობამ და წვლილმა გახადა შესაძლებელი ძალიან დახვეწილი დოკუმენტის შემუშავება“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის შემდეგ, მცხეთაში გამართული შეხვედრა საორგანიზაციო კომისიის წევრების გამოსვლებით და ადგილობრივი მოსახლეობის კითხვებით და მოსაზრებებით გაგრძელდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ იმ არგუმენტებსა და კონტრ-არგუმენტებზე ისაუბრა, რომელთა გამოც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებს, კონსტიტუციის კონკრეტულ თავებთან და მუხლებთან დაკავშირებით საპირისპირო მოსაზრებები აქვთ.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ კონსტიტუციაში ყველაფერი არის ცუდი. რა თქმა უნდა არის ნაწილობრივ წინ გადადგმული ნაბიჯები, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ იმ ფუნდამენტურ საკითხებზე, რაც მიგვაჩნია, რომ არის არასწორი“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძემ დამსწრე საზოგადოებას პრეზიდენტის ფუნქციებთან, მისი არჩევის ფორმებთან და საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით ფრაქციის მოსაზრებები გააცნო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა, რომ „მთავარი სიკეთე, ეს არის მიწასთან დაკავშირებული ცვლილებები.“ მისი თქმით, მიწის თემა იქცა ძალიან მგრძნობიარე პოლიტიკურ თემად, იქედან გამომდინარე, რომ ღარიბ საზოგადოებაში მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება, ძალიან მოთხოვნად სიკეთეზე, მიწაზე, ხელი მიუწვდებოდეთ.

ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის მთავარ დოკუმენტში, სოციალური სახელმწიფოს შესახებ ჩანაწერის არსებობა. „ჩვენ ამით ვიღებთ ვალდებულებას, რომ სოციალურ სახელმწიფოს ავაშენებთ“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისივე განმარტებით, კონსტიტუციური კანონის პროექტში არსებული ჩანაწერი ქალისა და მამაკაცის არსებითი თანასწორობის შესახებ იმის გარანტიაა, რომ ეს დეკლარირებული უფლება რეალობად იქცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა საარჩევნო სისტემისა და პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა. მან ხელისუფლებას კონსენსუსისკენ მოუწოდა. „საარჩევნო სისტემის ნაწილში ჩვენ უნდა მივიღოთ ჩვენი ქვეყნისათვის სასიკეთო ცვლილება. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აბსოლუტურად სწორად გაიაზრებთ რასაც მე და სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები გეუბნებით, შეცვლით წარმოდგენილ კომპონენტს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით და ეს იქნება ჩვენი საერთო კონსენსუსის მიღწევის საშუალება“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ საარჩევნო სისტემის მოდელისა და პრეზიდენტის არჩევის წესის განსაზღვრისათვის, ხელისუფლებას პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდა. „როდესაც ფუნდამენტურად იცვლება პრეზიდენტის არჩევის წესი, საჭიროა ჩატარდეს პლებისციტი და ხალხის აზრი გავიგოთ ამ საკითხთან დაკავშირებით“, - განაცხადა ოთარ კახიძემ. ოთარ კახიძემ საარჩევნო მოდელის შესახებ ფრაქციის მოსაზრებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შენარჩუნდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, როგორც ძლიერი, დამბალანსებელი სტრუქტურა, რომელიც იქნება ქმედითი და განახორციელებს თავის უფლებამოსილებებს საკანონმდებლო, საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელების, უშიშროების საბჭოსთან თანამშრომლობის და საქართველოს სხვა ქვეყნებთან წარმოდგენის პროცესში.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო კანონში შეტანილ ცვლილებებს ისტორიული და მნიშვნელოვანი უწოდა. მისი თქმით, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ხელისუფლება საკუთარი ნებით ამბობს უარს იმ ბენეფიტებზე, რომელიც მას შეეძლო მიეღო არსებული კონსტიტუციის პირობებში. „ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ბევრად უფრო დახვეწილ კონსტიტუციას, სადაც ყველა შეცდომა, ხარვეზი და იურიდიულად არათავსებადი რეგულაცია გასწორებულია და ეს პროცესი აუცილებლად დასრულდება პარლამენტში ძალიან კარგი კონსტიტუციური კანონის მხარდაჭერით და ისეთი კონსტიტუციის მიღებით, რომელიც გაუძლებს დროს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

დამსწრე საზოგადოებას მიმართეს და კონსტიტუციური კანონის პროექტის თაობაზე საკუთარი მოსაზრებები გააცნეს საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა: „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა და ექსპერტმა ვასილ გონაშვილმა.

საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრების გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლების მიერ დასმული კითხვები ძირითადად პრეზიდენტის არჩევის წესს, მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, საარჩევნო ბლოკების შექმნის და უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვას ეხებოდა.

შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი მადლობა გადაუხადა დამსწრე საზოგადოებას ყურადღებისთვის და საინტერესო განხილვისთვის. „დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ერთად მივიღებთ ძალიან დახვეწილ კონსტიტუციას“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, 14 მაისს, რუსთავში, 12 საათზე გაიმართება.