სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა

„ჩვენ რეალურად ძალიან ცუდ კონსტიტუციას ვცვლით ძალიან კარგი კონსტიტუციით. ისეთი კონსტიტუციით, რომელიც კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან არის შესაბამისობაში და რომელიც ჩაუყრის ძალიან მყარ კონსტიტუციურ საფუძველს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გაგრძელების პროცესს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრისას.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე, დასკვნითი რაუნდის სხდომა პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით დაიწყო. ირაკლი კობახიძემ სამუშაო ჯგუფის წევრებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შედეგები გააცნო. მისი განცხადებით, 8 აპრილს გამართული შეხვედრისას, სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის, ადგილობრივი თვითმმართველობის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციური კანონპროექტი განიხილეს, სადაც საკითხთა მიმართ სრული კონსენსუსი გამოიკვეთა.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ დღევანდელი შეხვედრის განსახილველ საკითხებზეც ისაუბრა და სამუშაო ჯგუფის წევრებს აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ გვქონდა შეხვედრები ვენეციის კომისიის წევრებთან, ასევე კონსულტაციები მაღალი რანგის უცხოელ ექსპერტებთან და უკვე გამოიკვეთა, რომ მათი საერთო შეფასება ძალიან დადებითი და პოზიტიურია, რაც ბუნებრივია, მისასალმებელია. მნიშვნელოვანია რომ ეს კარგად დაწყებული პროცესი ბოლომდე კარგად მივიყვანოთ და ერთად შევქმნათ ისეთი დოკუმენტი, რომელიც იქნება სრულად დახვეწილი და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კომისიის რიგ სუბიექტებთან გამართულ კონსულტაციებზე განცხადება გააკეთა და აღნიშნულ ინფორმაციას სამწუხარო უწოდა.
„მქონდა სარწმუნო ინფორმაცია იმაზე, რომ პრეზიდენტი ცალკეულ პარტიებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან მართავდა კონსულტაციებს მათ მიერ კომისიის დატოვებასთან დაკავშირებით. სამწუხაროა, რომ ეს ინფორმაცია მართლდება. ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე სუბიექტს განზრახული აქვს შესაბამისი გადაწყვეტილების გახმოვანება, თუმცა ეს ყველაფერი ხელს ვერ შეუშლის იმ სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში დავიწყეთ. ჩვენ აუცილებლად შევასრულებთ ჩვენთვის დასახულ მიზანს, იმ მიზანს, რომელიც ჩვენ საქართველოს პარლამენტმა დაგვისახა. ამ მუშაობის საბოლოო შედეგი იქნება ძალიან დახვეწილი კონსტიტუციის შემუშავება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა კონსტიტუციის პრეამბულის და პირველი თავის რედაქციული შინაარსის განხილვით გაგრძელდა.