სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

საკონსტიტუციო კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში

საკონსტიტუციო ცვლილებების კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება.

საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტისა და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის გამოქვეყნებისა და მათი საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრებმა დღეს შეხვედრა ზუგდიდში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მოსახლეობასთან გამართეს.

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

ირაკლი კობახიძემ ეს დღე განსაკუთრებით მიულოცა დარბაზში მყოფ, 95 წლის ომის ვეტერანს, გოჩა თოდუას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთადერთ ვეტერანს, რომელიც დღემდე საჯარო სამსახურშია დასაქმებული.

„მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, 9 მაისი, მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი ბოროტების - ფაშიზმის დამარცხების დღე. მინდა განსაკუთრებით მივულოცო ბატონ გოჩა თოდუას, რომელიც ესწრება დღევანდელ შეხვედრას. ბატონი გოჩა არის 95 წლის, ომის ვეტერანი. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ბატონი გოჩა დღემდე ემსახურება თავის სამშობლოს, დღემდე მუშაობს და მინდა გისურვოთ ასეთივე მხნეობა, ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე თქვენი ქვეყნის სამსახურში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილ საზოგადოებას ქვეყნის უპირველესი კანონის პროექტის განხილვის პროცესში მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის 4 თვიანი მუშაობის შედეგი გააცნო. მან დეტალურად ისაუბრა იმ ფუნდამენტურ ცვლილებებზე, რომლებიც კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტში არის წარმოდგენილი.
„ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა კომისია. ეს იყო ნამდვილად, დაუღალავი შრომა და ამ სამუშაოში აქტიურად იყვნენ ჩართული როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები. ამ სამუშაოს შედეგად, მომზადდა ახალი დოკუმენტი. ეს არის კონსტიტუციის გადასინჯვის კანონის პროექტი და ეს არის კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლში და თავში შევიდა შინაარსობრივი, კონცეპტუალური და ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.

ირაკლი კობახიძემ ცვლილებების ძირითად არსზე ისაუბრა და კონსტიტუციის თითოეული თავი დეტალურად მიმოიხილა. მისი განცხადებით, კომისიამ კონსტიტუციის პრაქტიკულად ახალი ვერსია შეიმუშავა, რომელიც სრულიად ახლებურად მოაწესრიგებს ქვეყანაში მმართველობის სისტემას და უზრუნველყოფს ქვეყნის სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას.
ირაკლი კობახიძემ მოსახლეობას საქართველოს კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტი თავების მიხედვით გააცნო.

პირველ თავზე საუბრისას მან ოთხი ფუნდამენტური პრინციპი გამოყო, რომელსაც მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია ეფუძნება: დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოს, სოციალური სახელმწიფოს და ეკონომიკური თავისუფლების პრინციპს.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ეს პრინციპები მოქმედ კონსტიტუციაშიც არის მოხსენიებული, მაგრამ ჩაკარგულია. „ჩვენ გვინდოდა თითოეული ამ პრინციპისთვის განსაკუთრებული დატვირთვა მიგვენიჭებინა და შესაბამისად, თითოეულ ამ პრინციპს დღეს ცალკე მუხლი ეთმობა. ეს არის პრინციპული ცვლილება, რომელიც განხორციელდა,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციის მეორე თავზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ყურადღება ადამიანის უფლებების დაცვის ახალი სტანდარტების დამკვიდრებაზე გაამახვილა. მისი განცხადებით, შემუშავებულია ისეთი ფუნდამენტური ცვლილებები და დამატებები, რომლებიც საქართველოში. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტების გაუმჯობესებას ემსახურება. ჩნდება ახალი ძირითადი უფლებები, რომლებიც დღემდე ან საერთოდ არ იყო დაცული ან დაცული იყო არაპირდაპირ.

„ეს არის ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება, გენდერული თანასწორობის უფლება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა შესაძლებლობების უფლება, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის უფლება, საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა, უფლება სამართლიან ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაზე, სამეწარმეო თავისუფლება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, გაზრდილია დაცვის სტანდარტი მთელი რიგი უფლებების მიმართულებით. ცვლილებები ეხება პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის, საჯარო ინფორმაციაზე და ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უფლების სტანდარტების გაუმჯობესებას. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია ის ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის შემდგომ გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ფინანსებისა და კონტროლის თავის შესახებ. როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ აღნიშნული თავის მომზადებისას გაითვალისწინა ყველა ის მოსაზრება, რომელიც ეროვნულ ბანკს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და სხვა შესაბამის უწყებებს ჰქონდათ. ცვლილებები შედის უსაფრთხოების მომაწესრიგებელ თავში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სრულიად ბუნდოვნად იყო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები ჩაწერლი. „დღეს ეს ყველაფერი ჯეროვნად არის მოწესრიგებული საქართველოს კონსტიტუციით,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დამატებები და ფუნდამენტური ცვლილებებია ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, გაზრდილია ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიები კონსტიტუციურ დონეზე. „შესულია ახალი გარანტიები, როგორიცაა ორგანიზაციული და საკადრო პოლიტიკის ავტონომია, სუბსიდიარობის პრინციპი და სხვა. ეს ყველაფერი ემსახურება ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას საქართველოში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ შეაფასა კონსტიტუციის გადასინჯვის წესთან დაკავშირებული ცვლილებები. „შემოდის პლურალური ოტუმი. რაც ნიშნავს იმას, რომ ერთი პარლამენტის მიერ მიღებულ კონსტიტუციას მეორე პარლამენტის მიერ დამტკიცება დასჭირდება იმისათვის, რომ ის ამოქმედდეს.“ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ამით კონსტიტუციის გადასინჯვის წესი გართულდება, რაც ძალიან პროგრესული ცვლილებაა.

პარლამენტის თავმჯდომარემ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკონსტიტუციო კანონპროექტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, კონსტიტუციურ კანონში იყო უამრავი შინაარსობრივი, ტექნიკური, გრამატიკული ხასიათის შეცდომა და ხარვეზი, კანონში აღრეული იყო სტრუქტურაც, რომელიც დღეს უკვე გამოსწორებულია.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, მომზადდა სრულად ახალი კონსტიტუციური კანონი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ სადაც ხარვეზები მთლიანად არის აღმოფხვრილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა, რომ შემოთავაზებული ცვლილებები, საქართველოს პარლამენტის გაძლიერებას უზრუნველყოფს. „საუბარია შერეული სისტემიდან პროპორციულ-საარჩევნო სისტემაზე გადასვლაზე. მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი, შერეული სისტემა არ ეწინააღმდეგება სამართლებრივ პრინციპებს, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩვენი პრინციპული გადაწყვეტილებაა,“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან პროპორციული სისტემის უპირატესობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეზღუდავს ნებისმიერი ხელისუფლების მხრიდან საკონსტიტუციო უმრავლესობის ბოროტად გამოყენების სურვილს. „ნეგატიური გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენ მივიღეთ პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ჩვენი ხელით გაგვეუარესებინა ჩვენი სუბიექტური პოზიციები და გადავსულიყავით შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე. პირველად ხდება საქართველოს ისტორიაში, რომ ხელისუფლება თავისი ნებით იუარესებს თავის სუბიექტურ პოზიციებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მან ისაუბრა საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტის გაუქმების პრინციპულ მნიშვნელობაზე, რომელიც მისივე თქმით, წინააღმდეგობას უქმნიდა საქართველოში საარჩევნო სისტემის განვითარებას. ამასთანავე, ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიებისთვის 5 %-იანი ბარიერის დაწესება არის ევროკავშირის ქვეყნებში საყოველთაოდ აპრობირებული პრაქტიკა. ე. წ. ბონუსთან დაკავშირებით კი, რომელიც გამარჯვებული პარტიისთვის გაუნაწილებელი მანდატების მინიჭებას ითვალისწინებს, განაცხადა, რომ პარლამენტი ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კონსტიტუციის ახალი რედაქცია უზრუნველყოფს სასამართლოს დამოუკიდებლობას. მისი თქმით, მკვიდრდება მოსამართლეთა შეუცვლელობის პრინციპი, რაც ერთ-ერთი ფუნდამენტური გარანტიაა. ახალ რედაქციაში პირდაპირ აღინიშნება, რომ სასამართლოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია არ შეიძლება გახდეს მოსამართლის გათავისუფლების საფუძველი. მისივე თქმით, მკაფიოდ რეგულირდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფორმირების წესი, ხოლო პროკურატურა გამოიყოფა აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემიდან და ყალიბდება, როგორც დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო. მისი განცხადებით, ეს არის ის ცვლილებები, რომელიც სასამართლოს დამოუკიდებლობას განამტკიცებს და ქვეყნის შემდგომ განვითარებას უზრუნველყოფს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა პრეზიდენტის უფლებამოსილებაზე, სტატუსსა და არჩევის წესზე.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ უმჯობესია გადავიდეთ პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირი არჩევის წესზე და ამასთან დაკავშირებით გვაქვს არაერთი არგუმენტი.“-განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ყურადღება პირდაპირი არჩევნების დროს წარმოებულ საარჩევნო კამპანიის პირობებსა და გამოცდილებაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ საარჩევნო კამპანია აგებულია მძაფრ პარტიულ-პოლიტიკურ დაპირისპირებაზე. მისი თქმით, ასეთ პირობებში არჩეული პრეზიდენტი ვერ იქნება ზეპარტიული, ვინაიდან ასეთი არჩევნები განსხვავებით არაპირდაპირი არჩევნების წესისგან, არის წმინდა პარტიულ-პოლიტიკური.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებსა და ლეგიტიმაციას შორის ჩნდება დიდი დისბალანსი.

„ეს დისბალანსი წარმოშობს პრობლემებს სხვადასხვა კუთხით, რასაც ადასტურებს ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილება. ასეთ დროს ჩნდება ხოლმე კონფლიქტები პრეზიდენტსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას ანუ მთავრობას შორის. ამის არა ერთი მაგალითი აქვს ევროკავშირის არა ერთ ქვეყანს. ესეც არის, რა თქმა უნდა, მხედველობაში მისაღები როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელი სისტემა არის უმჯობესი პირდაპირი თუ არაპირდაპირი არჩევნები. ჩვენ გვაქვს ძალიან მაყარი არგუმენტები და მიგვაჩნია, რომ საპარლამენტო სისტემაში ჩვენ უნდა გადავიდეთ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესიდან არაპირდაპირ არჩევნებზე,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

გამოსვლის დასასრულს პარლამენტის თავმჯდომარემ საკონსტიტუციო ცვლილებები შეაჯამა. „ჩვენ ვცვლით დაუხვეწავ საპარლამენტო მმართველობას დახვეწილი საპარლამენტო მმართველობით. ეს იყო მთავარი ამოცანა და ეს ამოცანა სრულდება. სათანადოდ არის დაბალანსებული ხელისუფლების შტოებს შორის და კონსტიტუციურ ორგანოებს შორის უფლებამოსილებები. კონსტიტუციის ახალი რედაქცია შეესაბამება არა მარტო ევროპულ გამოცდილებას, არამედ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას. ეს თამამად შეიძლება ითქვას. ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ჩვენ ავიღეთ არა ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობის გამოცდილება, არამედ გამონაკლისი ქვეყნების გამოცდილება, ეს არის ეგრეთ წოდებული ბონუსი. პარლამენტმა კომისიას დაუსახა ამოცანა, რომ ჩამოეყალიბებინა დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა, რომელშიც იქნებოდა უზრუნველყოფილი ხელისუფლების დანაწილების პრინციპი და ჩვენ ვფიქრობთ რომ ეს მიზანი, ეს ამოცანა არის სათანადოდ შესრულებული,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

საყოველთაო-სახალხო განხილვას კომისიის წევრების გარდა, საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონსტიტუციური კანონის პროექტის წარდგენის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას საქართველოს პრეზიდენტმა და კომისიის წევრებმა მიმართეს, რის შემდეგაც განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, კომისიამ ბევრი საინტერესო ცვლილება შეიტანა კონსტიტუციურ კანონში, თუმცა არის თემები, რომელთან დაკავშირებითაც მას განსხვავებული მოსაზრებები აქვს.

„კონსტიტუცია თანხმობის დოკუმენტია. ეს არის დოკუმენტი, რომელიც მთელ საზოგადოებას ერთიან პროცესში გვაერთიანებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ყველანი ვიყოთ ამ პროცესის თანამონაწილე მეტ-ნაკლებად“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა საარჩევნო სისტემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ე.წ. ბონუს სისტემა მისთვის მიუღებელია. „მივესალმები იმას, რომ ბონუს სისტემასთან დაკავშირებით არის კითხვის ნიშანი და დარწმუნებული ვარ რომ ეს დისკუსიები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. იგი პრობლემად მიიჩნევს ასევე, 5%-იანი ბარიერს და საარჩევნო ბლოკების გაუქმება.
მან პრეზიდენტის არჩევის წესზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოში პრეზიდენტის არჩევის პოლიტიკური კულტურა უკვე ჩამოყალიბდა და ვინაიდან დემოკრატიის საფუძველი ამომრჩეველია, მასზე კარგად ვერავინ განსაზღვრავს ვინ არის კარგი ამ ქვეყნისთვის. „მე მჯერა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და სადაც შეგვიძლია, მაქსიმალურად უნდა დავეკითხოთ მათ“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტმა დადებითად შეაფასა კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა. „ეს დარბაზი არის გარანტია იმისა, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს დემოკრატიული პროცესი. საზოგადოების ჩართულობა და მათი ინტერესი ამ ძირითადი კანონის შექმნაში, არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ მივდივართ იქით, რომ ერთად ვწერთ ძირითად დოკუმენტს , ერთად ვქმნით იმ ძირითად წესს, რომლითაც ყველამ ერთად უნდა ვიცხოვროთ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, კონსტიტუციური კანონის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები გააკრიტიკა. მან საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციური კანონის პროექტით შემოთავაზებული ცვლილებებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ახალი ვარიანტი შესაძლებლობას იძლევა, რომ დამარცხებული პოლიტიკური გაერთიანება ანუ პარტია, რომელიც არჩევნებში ჯამურად ნაკლებ ხმებს მიიღებს, გამარჯვებულად გამოცხადდეს. ირაკლი აბესაძემ პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზეც ისაუბრა და ხელისუფლებას ამ საკითხთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებისკენ მოუწოდა.

პარლამენტის იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განცხადებით, წლების წინ წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი ღია და განსხვავებული მოსაზრებების მოსმენა შესაძლებელი ყოფილიყო ერთ ფორმატში. „ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური კულტურის თვალსაზრისით ჩვენ ბევრად უფრო წინ ვართ და დღეს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების პატივისცემის კუთხით ქვეყანა არის მართლაც სხვა ეტაპზე“, - აღნიშნა ეკა ბესელიამ.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ უპრეცენდენტო ჩართულობით, ძალიან მაღალი პოლიტიკური კულტურით წარმართა კონსტიტუციური რეფორმის პროცესი. „კონსტიტუცია არის ძირითადი კანონი ჩვენ უნდა შევძლოთ არა მარტო პოლიტიკურ ჯგუფებში თანხმობის გზით, არამედ პირველ რიგში ხალხთან თანხმობის გზით მივაღწიოთ კონსენსუსს, იმიტომ, რომ ეს კონსტიტუცია არ არის არც ერთი პოლიტიკური პარტიის, კონსტიტუცია არის ჩვენი ხალხის და ჩვენ გვინდა, რომ ძირითადი პრინციპები იყოს თავსებადი, შეთანხმებული თითოეული მოქალაქის ხმასთან“,-განაცხადა იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

მისივე თქმით, კონსტიტუციური კანონის პროექტის მთავარი გზავნილია საპარლამენტო მოდელი - ძლიერი პარლამენტი, რომელიც აკონტროლებს მთავრობას, ეფექტური მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო, რომლის გარანტიები გათვალისწინებულია რეფორმაში.

ადამიანის უფლებების თავთან დაკავშირებით საუბრისას ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფუნდამენტური უფლება, რაც ადამიანს უნდა ჰქონდეს დაბადებით, რაც ადამიანს აქვს კონსტიტუციით და ევროპული კონვენციით, ძალიან ნათლად არის გაწერილი კონსტიტუციური კანონის პროექტში.

იურიდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, საარჩევნო სისტემის შეცვლით პოლიტიკური ძალა „ქართული ოცნება“ თავად იუარესებს თავის იმ სასტარტო პოზიციას, რომელიც არსებული სისტემის შენარჩუნების პირობებში შეიძლება ჰქონოდა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა, სამეგრელოს მოსახლეობას კონსტიტუციური კანონის პროექტის შესახებ საკუთარი ხედვები გააცნო. მისი განცხადებით, პროექტით წარმოდგენილ საარჩევნო სისტემით არსებობს საფრთხე გადასანაწილებელ ხმებთან დაკავშირებით. ირმა ინაშვილის შეფასებით, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებით შემოთავაზებულია არაპირდაპირი წესით პრეზიდენტის არა არჩევა, არამედ დანიშვნა. „როდესაც მოდელი იცვლება, ეს პირველ რიგში, საზოგადოების სამსჯავროზე უნდა გამოვიდეს, უნდა თუ არა ქართველ ხალხს საპარლამენტო მოდელზე გადასვლა. უნდა მივაწოდოთ ხალხს ინფორმაცია, რა რისკები და რა პერსპექტივებია. მე დაბალანსებული, შერეული მოდელის მომხრე ვარ, რადგან ნედლი დემოკრატიის პირობებში რისკები ჩნდება“, -აღნიშნა ირმა ინაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომ კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელსაც ხელისუფლება დღეს საქართველოს მოსახლეობას სთავაზობს, არის სტაბილურობის ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტი. „მე მინდა ყველამ ასეთი კუთხითაც შევხედოთ ამ დოკუმენტს და არა მხოლოდ იურიდიულ-სამართლებრივი დაბალანსების კუთხით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი,“-განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.
მისი განცხადებით, კონსტიტუციური კანონის პროექტი არის კარდინალურად გაუმჯობესებული, კარგი სამართლებრივი დოკუმენტი და ბაზა იმისათვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული ინსტიტუტები განავითაროს.

პარლამენტის თავმჯდომარემ და კომისიის წევრებმა მოსახლეობის მრავალრიცხოვან შეკითხვებს უპასუხეს და სათანადო განმარტებები გააკეთეს.
შეხვედრის დასასრულს, პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში დღეს გამართული კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა შეაჯამა. „დღევანდელმა შეხვედრამ აჩვენა ის, რომ ჩვენ ძალიან წავიწიეთ წინ იმ კუთხით, რასაც ქვია კონსოლიდაცია პოლიტიკური სისტემის. ჩვენ დღეს ვაჩვენეთ თვისებრივად განსხვავებული კულტურა. მათ შორის პოლიტიკური დისკუსიის, პოლიტიკური დებატების და ეს მე მაძლევს იმის რწმენას, რომ ჩვენ უახლოეს წლებში გვექნება იმის შესაძლებლობა, რომ ჩამოვაყალიბოთ კოალიციური მთავრობები, უფრო მეტად ვიზრუნოთ იმაზე, რომ პოლიტიკურ სპექტრში ერთმანეთის პოზიციები გავაძლიეროთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს წლებში, მათ შორის კოალიციურ რეჟიმშიც, ეფექტური მთავრობის ფორმირებას და ფუნქციონირების უზრუნველყოფას შევძლებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ, 10 მაისს, ახალციხეში, 12 საათზე გაიმართება.