სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
ვებგვერდი, 15/12/2016
სარეგისტრაციო კოდი
010190060.09.001.016369
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნისა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
1. შეიქმნას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით.
2. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
3. დამტკიცდეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულება (თან ერთვის).
4. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების შესაბამისად დაამტკიცოს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა.
5. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მოამზადოს 2017 წლის 30 აპრილამდე.
6. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობა უზრუნველყოს საქართველოს პარლამენტის აპარატმა.
7. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის №1479-Iს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 08.10.2013, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016175);
ბ) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №1916-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016194);
გ) „სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 27 დეკემბრის №1917-რს დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010190060.09.001.016193).
8. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე
ქუთაისი,
15 დეკემბერი 2016 წ.
N65-Iს