სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი საჯარო ლექცია შსს-ს აკადემიის სტუდენტებთან გამართა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიაში საჯარო ლექცია გამართა და სტუდენტებს საქართველოს კონსტიტუციისა და კონსტიტუციონალიზმის ისტორიის შესახებ ესაუბრა. როგორც საჯარო ლექციის დაწყებამდე, შსს-ს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევა სწორედ სტუდენტების სურვილი იყო.

ირაკლი კობახიძემ შსს-ს აკადემიის რექტორსა და სტუდენტებს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მოხარულია სტუდენტებთან საქართველოს კონსტიტუციის შესახებ საუბრის შესაძლებლობით.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სტუდენტებს კონსტიტუციონალიზმის მნიშვნელობასა და საქართველოს კონსტიტუციის მთავარ ფუნქციებზე ესაუბრა. მისი განმარტებით, საქართველოს უმთავრეს კანონს სამი ფუნქცია აქვს - სამართლებრივი, იდეოლოგიური და პოლიტიკური. საქართველოს კონსტიტუციის იდეოლოგიურ ფუნქციაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ კონსტიტუცია საზოგადოებაში ღირებულებებს ამკვიდრებს და ამ კუთხით, საქართველოს კონსტიტუციას უმნიშვნელოვანესი დატვირთვა აქვს. მისივე თქმით, ნებისმიერი ქვეყნის კონსტიტუცია ლიბერალური, დემოკრატიული ღირებულებებით უნდა გამოირჩეოდეს და ეს უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთ უმთავრეს ფუნქციაც. რაც შეეხება კონსტიტუციის პოლიტიკურ ფუნქციას, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა პოლიტიკური სისტემის განვითარებაა. ამასთან, როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტის შინაარსზე არანაკლებ მნიშვნელოვანი მასზე მუშაობის პროცესი და დოკუმენტის კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბებაა. „თუ გადავხედავთ ჩვენი კონსტიტუციონალიზმის განვითარების ისტორიას, ვნახავთ, რომ ამ კუთხით გვქონდა განსაკუთრებული სირთულეები და ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ კონსტიტუციებმა საქართველოში დღემდე ვერ შეძლეს თავიანთი ძირითადი პოლიტიკური ფუნქციის შესრულება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში სხვადასხვა დროს მოქმედი სახელმწიფო მმართველობის ფორმებიც მიმოიხილა.

„საპრეზიდენტო მმართველობაზე ერთი რამ შეიძლება ითქვას, რომ ის თავისი ბუნებით მიდრეკილია ავტორიტარიზმისკენ. არის ქვეყნები, სადაც საუკუნეებია, წარმატებით მოქმედებს საპრეზიდენტო მმართველობა, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები, თუმცა, იქ საპრეზიდენტო მმართველობის ნეგატიურ ასპექტებს აბალანსებს სხვა სამართლებრივი რეგულაციები, მათ შორის, ერთ-ერთი მთავარია ამერიკული ფედერალიზმი. ანუ, ვიწრო ჭრილში არ შეიძლება კონკრეტული კონსტიტუციური მოდელების განხილვა. ის განხილულ უნდა იქნას საერთო კონტექსტში, რომელიც დამახასიათებელია შესაბამისი სახელმწიფოსთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2004 წელს საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებაზე საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ განმარტა, რომ ფორმალურად ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობას თავისი პოლიტიკური საფუძველი ჰქონდა. „ერთ-ერთი მთავარი საფუძველი, რატომაც ჩამოყალიბდა საქართველოში ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობა, ფორმალური თვალსაზრისით, იყო პერსონალური ფაქტორი-სამ ძირითად სუბიექტს შორის გადანაწილდა სამი ძირითადი თანამდებობა. ეს სისტემა იყო ფორმალური თვალსაზრისით ნახევრად საპრეზიდენტო, რადგან აქ დარღვეული იყო კლასიკური ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობის პრინციპები. კლასიკურ მოდელში მკაფიოდ არის გამიჯნული კომპეტენციები პრეზიდენტსა და მთავრობას, პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს შორის. ჩვენს მოდელში, რეალურად, ეს პრინციპები სათანადოდ არ იყო დაცული“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

2010 წელს მმართველობის მოდელის კვლავ შეცვლაზე საუბრისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაშიც მიზეზი პოლიტიკური ფონი იყო. მისივე თქმით, 2013 წლამდე, ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში იყო კონცენტრირებული, ხოლო 2013 წლის შემდეგ ძალაუფლების ცენტრი პრეზიდენტის ინსიტიტუტიდან პრემიერმინისტრზე გადავიდა.

„დღეს გვაქვს ასეთი მოდელი-ძლიერი პრემიერმინისტრი, სუსტი მთავრობა, სუსტი პარლამენტი, სუსტი პრეზიდენტი. ეს არის მოქმედი კონსტიტუციის საერთო ბუნება. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ პრაქტიკა არის ამ მოცემულობისგან განსხვავებული. პრაქტიკაში დღეს არ იჩენს თავს ყველა ის პრობლემა, რომელიც შეიძლებოდა გამოვლენილიყო. ამას განაპირობებს პოლიტიკური ურთიერთობების რეალური პრაქტიკა, რომელიც დღეს საქართველოშია ჩამოყალიბებული. თუმცა, გრძელვადიან პრაქტიკაში, ნებისმიერმა დაუბალანსებელმა სისტემამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები და აქედან გამომდინარე, დღეიდანვე საჭიროა ფიქრი, რომ შეიცვალოს საქართველოს კონსტიტუცია და ჩამოყალიბდეს დაბალანსებული მოდელი, რომელიც მთლიანად თავსებადი იქნება ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძე სტუდენტებს 2010 წელს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმაზეც ესაუბრა. „ჩვენ გადავედით საპრეზიდენტო მმართველობიდან საპარლამენტო მმართველობაზე. დღევანდელი სისტემა არის საპარლამენტო სისტემა. ხშირად საუბრობენ ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე, რომელიც თითქოს დღეს მოქმედებს საქართველოში. დღევანდელ სისტემას ნამდვილად არ აქვს ნახევრად საპრეზიდენტო სისტემის გამოკვეთილი ელემენტები, მათ შორის, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევაც არ ნიშნავს იმას, რომ სისტემა არის ნახევრად საპრეზიდენტო. დღევანდელი სისტემა არის რეალურად საპარლამენტო სისტემა და შესაბამისად არის გადანაწილებული როლები და კომპეტენციები ძირითად კონსტიტუციურ ორგანოებს შორის“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, 2010 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებისას, არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები, რომლის მიხედვით, უნდა გაძლიერებულიყო პარლამენტის როლი და მკაფიოდ გამიჯნულიყო პრეზიდენტისა და მთავრობის კომპეტენციები. „ეს არის ორი ძირითადი ამოცანა, რომელიც შეიძლება დავინახოთ საკონსტიტუციო რეფორმის ინიციატივის უკან“, - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს მოქმედ კონსტიტუციის მოდელზე და დაგეგმილ საკონსტიტუციო რეფორმაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ კონსტიტუციის ზოგად დებულებებს ფუნდამენტური ცვლილებები არ შეეხება. „რაც შეეხება პარლამენტის თავს, მეტწილად, ის შეიცავს ტექნიკური ხასიათის ნორმებს, თუმცა აქ გვხვდება წმინდა პოლიტიკურად მგრძნობიარე საკითხებიც, მათ შორის, საპარლამენტო არჩევნების საკითხი. რაც შეეხება პრეზიდენტის ნაწილს - ეს თავი ყველაზე მეტად საჭიროებს ცვლილებას, იქიდან გამომდინარე, რომ არ არის გამიჯნული კომპეტენციები სახელმწიფოს მეთაურს და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. მთავრობის ნაწილში არის კონკრეტული რეგულაციები, რომელიც იყო მწვავე კრიტიკის საგანი ვენეციის კომისიის მხრიდან, განსაკუთრებით, მთავრობისთვის ნდობის და უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. ორივე პროცედურა საჭიროებს არსებით დახვეწას ვენეციის კომისიის რეკომენდაციის თანახმად. გარკვეულ ცვლილებებს მოითხოვს სასამართლო ხელისუფლებაც, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური გაძლიერება. არის მთელი რიგი აქტუალური საკითხებისა, რომელიც განსაკუთრებული განხილვის საგანი გახდება საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელების პროცესში. ეს პირველ რიგში არის საარჩევნო საკითხები. დღეს გვაქვს ჩვენ ერთგვარი შერეული მოდელი, რაც გარკვეულ ფორას აძლევს არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას. ამ გარემოებაზე მითითებით, არის მოთხოვნა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე და ეს საკითხი ბუნებრივია,უნდა გახდეს მსჯელობის საგანი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში. როდესაც საუბარია საარჩევნო სისტემაზე, აქ დღის წესრიგში დგას ორი ძირითადი ლეგიტიმური ინტერესი -სისტემის დემოკრატიულობა და პლურალიზმის ინტერესის მაქსიმალურად წინ წამოწევა, ხოლო მეორე ლეგიტიმური ინტერესი არის სტაბილური მთავრობის უზრუნველყოფა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ დემოკრატიულია სახელმწიფოს მეთაურის როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი არჩევის წესი, თუმცა, „სამწუხაროდ ხშირად ხდება კონკრეტულ გვარ-სახელებთან საკონსტიტუციო ცვლილებების დაკავშირება როგორც პოზიტიური,ასევე ნეგატიური ფორმით, რაც არასწორია. დაუშვებელია როგორც კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა კონკრეტულ პერსონაზე მორგებით, ასევე, დაუშვებელია კონკრეტულ ცვლილებებზე ტაბუს დადება კონკრეტულ გვარ-სახელებზე მითითებით“.

ირაკლი კობახიძემ სტუდენტებს სახელმწიფო საკონსიტიტუციო კომისიის მთავარი ამოცანა და ფორმატიც გააცნო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დამსწრეთა შეკითხვებსაც უპასუხა.

საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სტუდენტებთან შეხვედრა შეაფასა.

„დღეს შედგა ძალიან საინტერესო შეხვედრა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სტუდენტებთან. გვქონდა ღია ლექცია, ვისაუბრეთ კონსტიტუციასთან დაკავშირებით, კითხვებიც დაისვა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ხელმძღვანელობას, პირადად აკადემიის რექტორს ამ ღონისძიების ორგანიზებისთვის და იმედი მაქვს, რომ მომავალშიც მექნება ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობა“, - აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის საჯარო ლექციას, სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალთან ერთად, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი დაესწრო. სტუდენტებთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: სიმულაციური სასაზღვრო გამშვები პუნქტი, ვირტუალური ტირი, საცეცხლე ტირი და დაბრკოლება-ბარიერი დაათვალიერა.