სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ირაკლი კობახიძე: „პროპორციულ სისტემაზე გადასვლა აუცილებელია“

„არსებული სისტემა ქმნის სერიოზულ რისკებს და საფრთხეებს. ჩვენ გვინდა, რომ ასეთი რამ გამოვრიცხოთ გრძელვადიან პერსპექტივაში და აქედან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური და როგორც ერთი პარლამენტარის პოზიციაა, რომ არა მარტო მიზანშეწონილია, არამედ აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. ეს არის ჩემი პოზიცია,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობაში არსებობს აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება.
„გუშინ ჩვენ გვქონდა განხილვა უმრავლესობის ფორმატში. იყო სერიოზული წინააღმდეგობა უმრავლესობის შიგნით პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა მე ვფიქრობ, რომ უმრავლესობის შიგნით არის კონსენსუსის მიღწევის რესურსი და ამაზე შეიძლება მუშაობა. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს პოზიციას, რომ აუცილებელია პროპორციულ სისტემაზე გადასვლა და ამასთან დაკავშირებით უმრავლესობის შიგნით ძალიან პრინციპული მსჯელობა გაგრძელდება,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.