სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტს თბილისში ისანი-სამგორის მოსახლეობა გაეცნო

კონსტიტუციური კანონის პროექტის ერთთვიანი საყოველთაო-სახალხო განხილვის ერთ-ერთი დამამთავრებელი შეხვედრა დღეს თბილისში ისანი-სამგორის მოსახლეობასთან შედგა.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში შეკრებილთ საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გარდა, ოპოზიციის წარმომადგენლებიც შეხვდნენ. 

მოქალაქეებს საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ ესაუბრნენ და მათ კითხვებს უპასუხეს პარლამენტის წევრებმა, ფრაქცია“ქართული ოცნების“ წევრებმა ანრი ოხანაშვილმა, გიორგი მოსიძემ და მარიამ ჯაშმა, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ირმა ინაშვილმა, საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა ელენე ხოშტარიამ და ირაკლი აბესაძემ, ასევე საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრმა, ექსპერტმა ვასილ გონაშვილმა.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის ზოგადი პრინციპები საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს ანრი ოხანაშვილმა გააცნო. მან ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც აუცილებელი გახდა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციის სრულიად ახალ ვერსიაზე, რომელმაც სრულიად ახლებურად უნდა მოაწესრიგოს ქვეყანაში მმართველობის სისტემა, რომელიც სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, მოქმედ კონსტიტუციაში 2010 წელს შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, ქვეყანა საპარლამენტო მმართველობის ფორმაზე უნდა გადასულიყო, თუმცა მივიღეთ ხარვეზიანი მოდელი, რის შესახებაც მაშინვე აცხადებდნენ საერთაშორისო ექსპერტები, მათ შორის, ვენეციის კომისიაც.

„ამგვარად, გამოსასწორებელი იყო ხარვეზები, არ იყო გამართული ბალანსი სახელმწიფო ხელისუფლების შტოებს შორის და საჭირო გახდა ცვლილებების მომზადება“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. მისი ინფორმაციით, კონსტიტუციის პროექტში ბევრი სიახლეა, თითქმის ყველა ნორმა უკეთესადაა ჩამოყალიბებული, ვიდრე მოქმედ კონსტიტუციაში.

შემდეგ მან მოკლედ ისაუბრა ცალკეულ ცვლილებებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ორიენტირებულია დემოკრატიული, სამართლებრივი, სოციალური სახელმწიფოს შექმნაზე და ეს პრინციპები ცალკე მუხლებად არის ჩამოყალიბებული. მნიშვნელოვანი სიახლეებია წარმოდგენილი მეორე თავში, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს ეხება. ესაა ღირსების უფლება, თანასწორობის საკითხი, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებების დაცვა, ინტერნეტისადმი თავისუფალი წვდომის უფლება და სხვა. ეს საკითხები საკონსტიტუციო დონეზეა აყვანილი.

ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა ასევე ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვის აუცილებლობაზე, აღნიშნა, რომ ფუნდამენტური ცვლილებები ხორციელდება სასამართლოსთან მიმართებაში, ფინანსებისა და კონტროლის, თავდაცვის, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროებში. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო იმ საკითხების განმარტებებს, რომლებზეც საზოგადოებაში და საყოველთაო-სახალხო განხილვებზე ცხარე დისკუსია იმართება. ესაა მიწის, ქორწინების, საარჩევნო სისტემის საკითხები. მისი თქმით, გადახედვას არ ექვემდებარება ის ამბავი, რომ ხელისუფლება მიწის გასხვისების საკითხს მკაცრად უდგება და ეს საკონსტიტუციო დონეზე დაფიქსირდება. მისივე თქმით, მნიშვნელოვანი ცვლილებები შეეხება კონსტიტუციურ ორგანოებს, რომლებიც უმაღლეს ხელისუფლებას ახორციელებენ: ეს არის საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი. მან იმ ცვლილებათა არსზე ისაუბრა, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი.

საპარლამენტო უმცირესობის პოზიცია ელენე ხოშტარიამ და ირაკლი აბესაძემ გააცნეს შეკრებილთ. მათი განაცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა არ იზიარებს ე.წ. ბონუსურ სისტემას და გაუნაწილებელი მანდატების გამარჯვებული პარტიისთვის მიკუთვნებას. ისინი ასევე არ ეთანხმებიან პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევას და კიდევ ერთხელ მოითხოვეს ამ საკითხზე პლებისციტის გამართვა.
„პრეზიდენტის უფლებამოსილება უკვე არის შეკვეცილი და ეს 2010 წელს კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად მოხდა. ამ უფლებამოსილების პრეზიდენტის არჩევის წესზე კი მსოფლიო გამოცდილება გვეუბნება, რომ უფრო რაციონალურია მისი არაპირდაპირი წესით არჩევა“, - საპარლამენტო უმცირესობის წევრთა მოსაზრებების საპასუხოდ განაცხადა მარიამ ჯაშმა. მისივე თქმით, წარმოდგენილი ცვლილებებიდან გამომდინარე სიმართლე ის არის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ბალანსის უზრუნველყოფაზე საუბრობს და უარს ამბობს ძალაუფლებასა და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება ისაა, რომ უკვე ვეღარავის შეეძლება კონსტიტუციის სურვილისამებრ შეცვლა და კონსტიტუციაში ცვლილების განხორციელება მხოლოდ ორი მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილება იქნება. მისივე თქმით, არაერთი მნიშვნელოვანი ეროვნული ღირებულება მკვიდრდება კონსტიტუციაში: გარანტირებული იქნება სახელმწიფო ენის, სახელმწიფო სიმბოლოების დაცულობა, ქართული ეკლესიის განსაკუთრებული როლი, გამკაცრდება მიწის გასხვისების საკითხი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, ქორწინების დეფინიცია აისახება კონსტიტუციაში.
„ამგვარად, ჩვენი კონსტიტუციის ძირითადი ხაზი არის - დემოკრატიისკენ ეროვნული ღირებულებებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

„საქართველოს პატრიოტების“ სახელით, პოზიცია ირმა ინაშვილმა გამოხატა. მან საყოველთაო-სახალხო განხილვების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრების შედეგი კონსენსუსის მიღწევას და პოზიციების შეჯერებას უნდა ემსახურებოდეს და იმედი გამოთქვა, რომ ასეც იქნება.
ირმა ინაშვილის თქმით, კონსტიტუციაში არაერთი ცვლილება ხორციელდება, რომელიც მისაღებია, თუმცა მიუღებელია ბონუს - სისტემა, როდესაც გამარჯვებული პარტია სრულად ითვისებს გაუნაწილებელ მანდატებს. ირმა ინაშვილი მიწის გასხვისების საკითხსაც შეეხო და მისი განკარგვის წესის განსაზღვრა კონსტიტუციურ დონეზე მოითხოვა. იგი უცხოელთათვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხსაც გამოეხმაურა და ამ პროცედურის გართულება მოითხოვა.
ვასილ გონაშვილმა საპარლამენტო რესპუბლიკის უპირატესობებზე ისაუბრა, რომლის დროსაც ვერც ერთი ადამიანი ვერ მოახერხებს ხელისუფლების უზურპაციას და წარმოდგენილი ცვლილებები მისი თქმით, სწორედ ამის გარანტიაა. „ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რომ ერთმა ადამიანმა გაუთვალისწინებლად და დაუბალანსებლად მართოს ქვეყანა“, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა. მისივე თქმით, ცვლილებები კონსტიტუციის სიმყარეს შეუწყობს ხელს, ვინაიდან მომავალში კონსტიტუციას მხოლოდ ერთი მოწვევის პარლამენტი ვეღარ შეცვლის და ამის გარანტიას იძლევა წარმოდგენილი პროექტი.

მან ასევე ისაუბრა პარლამენტისა და მთავრობის დამოკიდებულებაზე, პრეზიდენტის არჩევის წესზე და სხვა.

შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და მომხსენებლებმა მოქალაქეთათვის საინტერესო თემებზე დამატებით, დეტალური განმარტებები გააკეთეს. მოქალაქეთა კითხვები და წინადადებები უკავშირდებოდა მრავალ საკითხს, მათ შორის, მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას, პრეზიდენტის უფლება-მოვალეობებსა და მისი არჩევის გზებს, დეპუტატის გაწვევის საკითხს, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესს, სოციალური დაცვის მექანიზმებს, მიწის გასხვისების გამკაცრებას, პარლამენტის ადგილმდებარეობის საკითხს და ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებს, ასევე საარჩევნო ბარიერს, საარჩევნო ბლოკების გაუქმებისა და არჩევნებისას გაუნაწილებელი მანდატების განაწილების საკითხებს.