სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუციის პროექტის განხილვა გლდანში

მან გლდანელებს განუმარტა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება არის საყოველთაო კონსენსუსის შედეგი. ხელისუფლება, საერთაშორისო ორგანიზაციები, არასამთავრობოები და ოპოზიციაც კი თანხმდებიან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება აუცილებელია, რათა სახელმწიფომ შეძლოს გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარება და წინსვლა.
ანრი ოხანაშვილმა კონსტიტუციის პროექტი თავების მიხედვით წარმოადგინა, აქვე განმარტა, რომ მოქმედ კონსტიტუციაში თავების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო, რადგან მათში აღრეული იყო საკითხები. ახალ რედაქციაში კი თავები ახლებურად დალაგდა და პირველი თავი დაეთმო სოციალური სახელმწიფოს შექმნასა და განვითარება. მეორე თავი კი ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, სადაც ასევე ბევრი სიახლე შედის, მაგალითად ის, რომ თავი იწყება ღირსების უფლებით, რაც ძველ ვერსიაში ნახსენებიც კი არ არის.
აქვე მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული ქალისა და მამაკაცის თანასწორობის უფლება სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
მომხსენებელმა ასევე ამომწურავად განმარტა პარლამენტის და პრეზიდენტის არჩევის სისტემა, მთავრობის ფორმირების საკითხი, პროპორციული საარჩევნო სისტემის, 5%-იანი ბარიერისა და დარჩენილი მანდატების გადანაწილების საკითხი.
მან სასამართლო სისტემის ფორმირების შესახებ ისაუბრა და განმარტა, რომ არ უნდა არსებობდეს მოსამართლეზე ზეწოლის მექანიზმი და სწორედ ამის გარანტიას იძლევა შეუცვლელი მოსამართლის შემოღება. ანრი ოხანაშვილმა მოსახლეობისათვის განსაკუთრებით საინტერესო საკითხზე გააკეთა განმარტება, კერძოდ, კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი, რომ მიწა არის განსაკუთრებული რესურსი, რომელიც უნდა დაიცვას სახელმწიფომ და ის უნდა შეუნარჩუნდეს ქვეყნის მოსახლეობას. რაც შეეხება კონსტიტუციის ხელახალი გადასინჯვის საკითხს, ახალი რედაქციით საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება შესაძლებელი იქნება ორი მოწვევის პარლამენტის მიერ. ეს თავიდან აგვარიდებს რომელიმე ხელისუფლების მიერ მიკერძოებული ცვლილებების განხორციელებას.
„საქართველოს პატრიოტების“ წევრის ირმა ინაშვილის თქმით, ის ზოგადად მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებებს, მაგრამ არ ეთანხმება უმრავლესობას მანდატების გადანაწილების საკითხში. მას მიაჩნია, რომ უფრო სამართლიანი იქნება თუ დარჩენილი მანდატები გადანაწილდება პარტიებზე არჩევნებში მიღებული პროცენტების მიხედვით. მისი აზრით ეს იქნება სამართლიანი, ხოლო სამართლიანობის პრინციპის დარღვევა იმოქმედებს სტაბილურობაზე. მიწის საკითხთან დაკავშირებით კი, მისი აზრით, კონსტიტუციაში უნდა დაფიქსირდეს, რომ მიწა არ გაიყიდება უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.
ის არც იმას ეთანხმება, რომ კონსტიტუციაში ჩაიწეროს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თაობაზე.
„ევროპული საქართველოს“ წევრი, სერგო რატიანი კვლავ საერთო-სახალხო გამოკითხვის - პლებისციტის ჩატარებას მოითხოვს, რათა ხალხმა გადაწყვიტოს პრეზიდენტის არჩევა პირდაპირი წესით სურს, თუ არაპირდაპირი.
სერგო რატიანის გამოსვლას დარბაზში მოსახლეობის მხრიდან უკმაყოფილო შეძახილები და ხმაური მოჰყვა, რაც მალე აღმოფხვრეს უმრავლესობის წევრებმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა ქვეყნის ცხოვრებაში პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობაზე ისაუბრა, მისი აზრით ბლოკების უარყოფა პარტიებს დამოუკიდებლად განვითარების საშუალებას მისცემს, რაც გააჯანსაღებს პოლიტიკურ ცხოვრებას. ხოლო თუ პარტიას არ აქვს დამოუკიდებლად განვითარების შესაძლებლობა, ის ქვეყნის ბიუჯეტიდან არ უნდა ფინანსდებოდეს.
საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ უმრავლესობის წევრები: ლევან კობერიძე, ლევან კობიაშვილი და კობა კობალაძე.
საკონსტიტუციო ცვლილებების წარდგენის შემდეგ დეპუტატებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს, რომელთაგან ნაწილი სოციალურ პრობლემებსაც შეეხებოდა. გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით.
შეხვედრის ბოლოს ანრი ოხანაშვილმა გლდანის მოსახლეობასთან გამართული განხილვა შეაჯამა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზადაა ხალხთან დიალოგისთვის, ყველა გამოთქმული შენიშვნა და წინადადება ფიქსირდება და გათვალისწინებული იქნება. მან ასევე მოუწოდა მოქალაქეებს, რომ თვალი ადევნონ პარლამენტში საკონსტიტუციო პროექტის განხილვას, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა.