სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
კონსტიტუციის პროექტის განხილვა კრწანისის რაიონში

კონსტიტუციის პროექტის განხილვის ფორმატში კრწანისი რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრა რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ იმით დაიწყო, რომ თავის ამომრჩეველს თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მარიამ ჯაში კრწანისელებს საკონსტიტუციო ცვლილებების საჭიროებასა და არსზე ესაუბრა. მან იმ ხარვეზებზე გაამახვილა ყურადღება, რის გამოსწორებაც აუცილებელია, იმისათვის, რომ ჩვენი კონსტიტუცია საერთაშორისო სტანდარტებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან შესაბამისობაში მოვიდეს. მან იმ ოთხ ფუნდამენტურ პრინციპზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების მთავარი ამოსავალია, ესაა ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო.
მან ყურადღება გაამახვილა იმ დემოკრატიულ პროცესზე, რომელის ჩვენმა ხელისუფლებამ აირჩია - კონსტიტუციური ცვლილებების განხორციელება ქვეყნის მოსახლეობასთან დიალოგის შედეგად. მისი თქმით „პირველად ხდება რომ ცვლილებათა პროექტზე მუშაობს 73 წევრიანი კომისია, სადაც ფართოდ არიან ჩართული ექსპერტები. ასევე პირველად ხდება, რომ უკვე 22 ქალაქში გაიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო გამოეთქვა თავისი შენიშვნები და მოსაზრებები და განხილვა გრძელდება თბილისის სხვადასხვა რაიონში“.
მარიამ ჯაშმა ახალი რედაქციით გათვალისწინებული ცვლილებების დეტალური და ამომწურავი პრეზენტაცია გამართა. მან ისაუბრა ქართული მიწის გასხვისების შესაძლებლობის შეზღუდვის მექანიზმზე, რომელიც ახალ რედაქციაში ძალიან მკაფიოდ ჩაიწერება. ისაუბრა ქორწინების დეფინიციის თაობაზე და სოციალური სფეროს სხვა სიახლეებზე, რაც კონსტიტუციაში იქნება ასახული. მისი განმარტებით მნიშვნელოვანი ცვლილებები ხორციელდება არჩევნებთან დაკავშირებით და მათ შორის არჩევნების ვადების დადგენის საკითხის გამკაცრება, რომ ვერავინ შეძლოს ვადის გახანგრძლივება ან სხვა სახის დარღვევა.
უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა კრწანისის მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა, „კონსტიტუციის შეცვლის მიზანი არის არა ვინმეს ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, არამედ ის, რომ ჩვენ გადავედით საპარლამენტო მმართველობის ახალ ეტაპზე და კონსტიტუციაში იყო მრავალი ხარვეზი, რომელიც უნდა გასწორდეს. ჩვენ თქვენს წინაშე ვაყენებთ პროექტს, ეს ჯერ არ არის კანონი.
უნდა მოვისმინოთ თქვენი კითხვები, პოზიცია, შეხედულებები, რომლებსაც ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ საპარლამენტო განხილვაზე და თქვენ ამას ნახავთ, რადგან პარლამენტის სხდომები საჯაროა და პირდაპირ ეთერში გადაიცემა“.
მან დეტალურად ისაუბრა კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილ დებულებებზე და გააკეთა განმარტებები თითოეულ მათგანზე.
შეხვედრაში მონაწილეობდა ექსპერტი, ვასილ გონაშვილი, რომელმაც კონსტიტუციის პროექტში წარმოდგენილი ძლიერი პარლამენტისა და ქმედითი მთავრობის შესახებ ისაუბრა, შეეხო საარჩევნო სისტემის შეთავაზებულ ვარიანტს, ისაუბრა პროპორციული არჩევნების სიკეთეზე და აღნიშნა, რომ სწორი გადაწყვეტილებაა საარჩევნო ბლოკების გაუქმება.
კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას თქმით, „უნდა მივიღოთ კონსტიტუცია, რომელმაც უნდა გაუძლოს თაობათა გამოწვევებს და არ იყოს საჭირო მისი ხშირად გადასინჯვა და ცვლილებების შეტანა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ თქვენ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ მიიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“.
დარბაზიდან დაისვა შეკითხვები, გამოითქვა მოსაზრებები და წინადადებები. რაზეც შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავად უპასუხეს. ანრი ოხანაშვილის თქმით, ბევრი კითხვა და წინადადება იმდენად საინტერესო და არსებითია, რომ მათ შესახებ აუცილებლად იმსჯელებენ საპარლამენტო განხილვისას.
კრწანისის რაიონში გამართულ შეხვედრაში საპარლამენტო ოპოზიციას მონაწილეობა არ მიუღია.