სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტზე ნაძალადევის რაიონში იმსჯელეს

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში თბილისის ნაძალადევის რაიონის მოსახლეობა გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში შეიკრიბა.

ნაძალადევის რაიონის მოსახლეობას შეხვდნენ და კონსტიტუციური კანონის პროექტის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები გააცნეს ამ რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილემ ზაზა გაბუნიამ. მათი განცხადებით, წარმოდგენილი პროექტის შემუშავებისას გათვალისწინებული იყო როგორც ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოების გამოცდილება, ასევე ქართველი ხალხის ინტერესები.
სოფო კილაძემ ისაუბრა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობაზე. „ამ ცვლილებებში მთავარი ისაა, რომ ვქმნით კონსტიტუციას, რომელიც არის ძალთა დამაბალანსებელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა მან. 

შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტიტუციაში განსახორციელებელ სწორედ იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც უკავშირდება ადამიანის უფლებებს, სასამართლო ხელისუფლებას, პროკურატურას. 

მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარი ამ ცვლილებებში ისაა, რომ კონსტიტუციაში გაჩნდა მკაფიო ჩანაწერი - სოციალური სახელმწიფოს პრინციპი, რომელიც მის პირად ინიციატივას წარმოადგენს. სოფო კილაძის განმარტებით, სწორედ სოციალური სახელმწიფოს პრინციპი იძლევა იმის საშუალებას, რომ სახელმწიფო უკვე კონსტიტუციურ დონეზეა ვალდებული მაქსიმალურად დაეხმაროს მოსახლეობას ეკონომიკური განვითარების ფარგლებში. მისივე თქმით, სახელმწიფომ სოციალური ფონის გასაუმჯობესებლად დღემდე ბევრი რამ გააკეთა, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია გასაკეთებელი.
სოფო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ცალსახად ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა. „ეს არის ჩვენი ტრადიცია, კულტურა, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა და ეს არ შეიცვლება“, - აღნიშნა მან. 

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დაადასტურა მმართველი გუნდის გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ მიწა არ გაიყიდება. მისი ინფორმაციით, პარლამენტში განსახილველად შემოდის ახალი პროექტი, რომელიც გაართულებს მიწის გაყიდვას. 
რაც შეეხება სასამართლოს და პროკურატურის საკითხებს, სოფო კილაძის განცხადებით, კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებები ხორციელდება, რომლებიც საბოლოო ჯამში ისეთ სასამართლოსა და პროკურატურას შექმნის, რომლებიც აღარასოდეს დაუშვებენ ადამიანის უფლებების დარღვევას.

კონსტიტუციაში შესატან სხვა ცვლილებებზე განმარტებები ზაზა გაბუნიამ გააკეთა. ეს ეხებოდა მიწის გასხვისების, სახელმწიფო ენის, თვითმმართველობის საკითხებს, რომელთა მოწესრიგება კონსტიტუციურ დონეზე უნდა მოხდეს. მისი თქმით, კონსტიტუციაში შესატანმა ცვლილებებმა უნდა უზრუნველყოს პირობები ადამიანის ღირსეული ცხოვრებისათვის. 

ზაზა გაბუნიამ ყურადღება საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, პრეზიდენტის არჩევის საკითხს და მთავრობის როლსაც დაუთმო. მისი თქმით, ურთიერთობა სახელისუფლებო შტოებს შორის კონსტიტუციური სამართლის პრინციპების მიხედვით დალაგდება. ისაუბრა რა მთავრობისა და პრეზიდენტის თემაზე, პარლამენტის როლზე მთავრობის საქმიანობის გაკონტროლების კუთხით, აღნიშნა, რომ პრეზიდენტს ერთგვარი, გამანეიტრალებელი ფუნქცია ეკისრება. ისაუბრა პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევის საკითხზეც და აღნიშნა, რომ სწორედ ამგვარად არჩეული პრეზიდენტი შეიძლება იყოს ზეპარტიული პრეზიდენტი. მისივე თქმით, სწორედ ასეთ შემთხვევაში გახდება შესაძლებელი მივიღოთ ძლიერი პარლამენტი, მოქმედი მთავრობა, სამართლიანი სასამართლო და მხარეებს შორის არბიტრი - ზეპარტიული პრეზიდენტი. 
შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა და პარლამენტის წევრებმა მოქალაქეთა კითხვებს უპასუხეს. 

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისის სხვადასხვა რაიონში ხვალაც გაგრძელდება.