სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
23 დეკემბერი, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის პერსონალური შემადგენლობა დაამტკიცა

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადების მიზნით შექმნილი სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 73 წევრის შემადგენლობით დამტკიცებულია. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„თანამდებობრივად, კომისიის შემადგენლობაში შედის, როგორც კომისიის თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე. გარდა ამისა, წარმოდგენილი არიან საპარლამენტო სუბიექტები. კომისიაში წევრები წარმოადგინა როგორც საპარლამენტო უმრავლესობამ, ასევე საპარლამენტო უმცირესობამ და ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებმა“. კომისიაში წარმოდგენილია დამოუკიდებელი დეპუტატი შესაბამისი კვოტით“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს ოთხი არასაპარლამენტო პარტია: „თავისუფალი დემოკრატები“, დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ და „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, კომისიის წევრები არიან, ასევე, თანამდებობრივად სხვადასხვა კონსტიტუციური ორგანოს წარმომადგენლები, მათ შორის: პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2 წარმომადგენელი, სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და სხვა. „კიდევ ერთხელ გავუსვავ ხაზს იმ სამწუხარო გარემოებას, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ეტაპზე თავს იკავებს კომისიაში მუშაობისაგან, თუმცა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ სამუშაო პროცესში ისინი მოგვიანებით ჩაერთვებიან“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში წარმოდგენილი იქნებიან არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები.
პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მდივნად პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თამარ ჩუგოშვილი დაინიშნა.
როგორც დღევანდელ ბრიფინზე ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, კომისია მუშაობას ხვალიდან შეუდგება. პირველი სხდომა 24 დეკემბერს, 14:00 სააათზე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება.