სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

კონსტიტუციური კანონის პროექტი სიღნაღში განიხილეს

საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ განხილვა დღეს სიღნაღში შედგა. კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტის ზოგადი პრინციპები საყოველთაო-სახალხო განხილვის ფორმატში გამართული შეხვედრის მონაწილეებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა გააცნო.

მან ადგილობრივ მოსახლეობას სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული პროექტის უმთავრესი სიახლეები გააცნო და ცვლილებათა პროექტის მომზადების აუცილებლობაზე ისაუბრა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია ოთხი თვის განმავლობაში მუშაობდა კონსტიტუციის ახალ ვერსიაზე, რომელმაც სრულიად ახლებურად უნდა მოაწესრიგოს ქვეყანაში მმართველობის სისტემა, რომელიც სტაბილურ და დემოკრატიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მან მოსახლეობას შეახსენა, რომ ქვეყნის უმთავრეს კანონში ბოლო ცვლილებები 2010 წელს განხორციელდა, თუმცა იგი მმართველობის სისტემის მრავალ ხარვეზს და იურიდიული ტექნიკის გაუმართავ ნორმებს შეიცავს. ამის შესახებ მაშინვე აცხადებდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, რომელთა განმარტებით, მართალია საქართველო საპარლამენტო მმართველობაზე გადავიდა, მაგრამ იგი არაა დახვეწილი და საჭიროა ცვლილებები, რათა მმართველობის ეს ფორმა გაუმჯობესდეს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, კონსტიტუციური ცვლილებების ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა. გარდა ამისა, არის ფუნდამენტური ხარვეზები, რომლებიც ეწინააღმდეგება, მათ შორის, ხელისუფლების დანაწილების პრინციპს. ამასთანავე, მოქმედ კანონში არის უამრავი ტექნიკური ხასიათის ხარვეზები, რედაქციული უზუსტობანი და ყოველივე ამის გათვალისწინებით, შემუშავდა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ პარალელურად შეიმუშავა და ფაქტობრივად თავიდან დაიწერა „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიც.

„კონსტიტუცია იყო დასახვეწი და ამაზე თანხმდება ყველა - საერთაშორისო ექსპერტები, უმრავლესობა და უმცირესობა, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამიტომაც დაისვა ცვლილებების საკითი. შეიქმნა პროექტი, რომ გამართული მმართველობის მოდელი იყოს საქართველოში და უფრო გამართულად იმუშაოს პარლამენტმა, მთავრობამ, პრეზიდენტმა, სასამართლო სისტემამ“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შემდეგ მან მოკლედ, თავების მიხედვით ისაუბრა იმ ცვლილებათა არსზე, რომელთა უმრავლესობა შეჯერებულ ვარიანტს წარმოადგენს. მისი განცხადებით, კომისიის წინაშე დასმული ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის გაუმჯობესება და ცვლილებებიც ამ მიმართულებითაც მომზადდა. შემუშავებულია ადამიანის უფლებების ახალი ნორმებიც - კონსტიტუციით კიდევ უფრო მეტად გარანტირებული იქნება ფიზიკური ხელშეუხებლობის, ქალისა და მამაკაცის თანასწორობის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ძირითადი უფლებები და სხვა. ამგვარად, როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, კონსტიტუციაში ყველა მიმართულებით ხორციელდება პროგრესული და ფუნდამენტური ცვლილებები, რომლებიც ადამიანის უფლებების კონსტიტუციურ დონეზე გამყარებას ითვალისწინებს.

ცვლილებები ასევე შეეხება კონსტიტუციურ ორგანოებს, რომლებიც უმაღლეს ხელისუფლებას ახორციელებენ: ეს არის საქართველოს პარლამენტი, საქართველოს მთავრობა, სასამართლო ხელისუფლება და საქართველოს პრეზიდენტი.

მან ისაუბრა იმ ცვლილებათა ძირითად არსზე, რომლის მიხედვით უნდა შეიქმნას ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა, დამოუკიდებელი სასამართლო და ზეპარტიული პრეზიდენტი. მისი განცხადებით, სწორედ ზეპარტიული პრეზიდენტი, ძლიერი პარლამენტი, ქმედითი მთავრობა და დამოუკიდებელი სასამართლო არის კონსტიტუციური სისტემის ძირითადი არსი.

ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იზრდება მთავრობის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის ხარისხი პარლამენტის მიმართ. პრეზიდენტი კი კვლავაც რჩება ქვეყნის მეთაურად და მთავარსარდლად. პრეზიდენტთან მიმართებაში ცვლილება ეხება მხოლოდ სამ საკითხს - უზენაესი სასამართლოს მოსამართლის წარდგენას, ეროვნული უშიშროების საბჭოს ფორმას და პრეზიდენტის არჩევის საკითხს.

მომხსენებელი საარჩევნო სისტემის ცვლილებებს, არჩევნებში გამარჯვებული პარტიისთვის ე. წ. ბონუსის მინიჭებას, საარჩევნო ბლოკების გაუქმებას და საარჩევნო ბარიერის საკითხსაც შეეხო. მან ყურადღება მიწის განკარგვასთან დაკავშირებულ რეგულაციებსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი მიწას განსაკუთრებულ რესურსად აცხადებს და, შესაბამისად, მისი განკარგვისთვის სპეციალურ ორგანულ კანონს დააწესებს. მან ასევე ისაუბრა საარჩევნო სისტემის მხრივ განსახორციელებელ ცვლილებაზე, შერეული სისტემიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლის უპირატესობაზე, ბონუსის სისტემის დადებით მხარეებზე.

„არჩევნებში გამარჯვებულ პარტიას დანამატის სახით ეძლევა ე.წ. ბონუსი, რათა დააკომპლექტოს მთავრობა, რაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
საპარლამენტო უმცირესობის პოზიციების თაობაზე ინფორმაცია შეკრებილთ ფრაქცია „მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს“ წევრმა ირაკლი აბესაძემ გააცნო და განაცხადა, რომ ოპოზიციური სპექტრი თანხმდება არსებული სისტემის ცვლილების აუცილებლობაზე, თუმცა ზოგიერთ საკითხზე განსხვავებულ მოსაზრებას აფიქსირებენ. მათ შორის ეს ეხება ბლოკების აკრძალვას, ბონუსის სისტემას და სხვა. 

სიღნაღში შეკრებილ მოსახლეობას ასევე მიმართეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გურამ მაჭარაშვილმა და ირაკლი სესიაშვილმა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიწის საკითხს. ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, დემაგოგიაა, როდესაც სახელმწიფოს მხრიდან ქართული მიწის გაყიდვაზე საუბრობენ. მისი თქმით, პირველი „ქართული ოცნება“ იყო, ვინც ვინც მორატორიუმი გამოაცხადა ქართული მიწის გაყიდვაზე, ხოლო სოფლის მეურნეობის განვითარება პრიოროიტეტად გამოაცხადა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განცხადებით, მიწა არის უნიკალური რესურსი საქართველოში და საჭიროა სპეციალური რეგულაციების შემუშავება მისი განკარგვის მიზნით.

ე.წ. ბონუსის სისტემას რაც შეეხება, გამომსვლელებს მიაჩნიათ, რომ გაუნაწილებელი ხმების გამარჯვებული პარტიისთვის დათმობით, მას მიეცემა მთავრობის ფორმირების საშუალება და ქვეყნის მართვა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნაში მშვიდობას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას.

კონსტიტუციური პროექტის ცალკეულ ნორმებთან დაკავშირებით განმარტებები ექსპერტმა ვასილ გონაშვილმა გააკეთა. იგი ძირითადად შეეხო საარჩევნო ბარიერის საკითხს, საარჩევნო ბლოკების გაუქმების საკითხს, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს. მისი თქმით, ამ ცვლილებების მიზანია, რომ მომავალში არც ერთმა პიროვნებამ არ შეძლოს ხელისუფლების უზურპაცია. მან განმარტებები პრეზიდენტის არჩევის გზებზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო მმართველობის ქვეყნებისათვის დამახასიათებელია პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა და დროა საქართველოც გადავიდეს ევროპის ქვეყნებში აპრობირებულ მეთოდზე.

„პრეზიდენტის ლეგიტიმაცია, მისი უფლებამოსილებების ხარისხი, არჩევნებისას გაცემული დაპირებები ერთმანეთის პროპორციული უნდა იყოს და ასეთ შემთხვევაში უფრო გამართლებულია პრეზიდენტის არაპირდაპირი გზით არჩევა“, - განაცხადა ვასილ გონაშვილმა.

ექსპერტ ვასილ გონაშვილის განცხადებით, წარმოდგენილი პროექტი არ არის მხოლოდ ხელისუფლების მიერ შემუშავებული. „ამ პროცესში მონაწილეობდნენ ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მრავალი მათი წინადადება აისახა პროექტში, პროექტის თითქმის 95% შეჯერებულია. დღევანდელი ხელისუფლება იძლევა პირობას, რომ თუკი ვენეციის კომისია რაიმე ნორმას მისაღებად არ ჩათვლის, პარლამენტი აუცილებლად გაიზიარებს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს“, - განაცხადა ექსპერტმა.

გამოსვლების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაგრძელდა. მოქალაქეთა კითხვები ეხებოდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას, უცხოელ მოქალაქეებზე მიწის გასხვისებას, ე.წ. ბონოსის სისტემას, პრეზიდენტის არჩევის გზებს, საპარლამენტო მმართველობის ძირითად პრინციპებს. დასმულ კითხვებთან დაკავშირებით მოსახლეობისთვის დამატებითი განმარტებები გაკეთდა. საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის არჩევნების საკითხზე ორი პოზიცია იკვეთება და ამიტომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ოპოზიციის მოთხოვნა ამ საკითხზე პლებისციტის ჩატარების შესახებ. ოპოზიცია ეწინააღმდეგება აგრეთვე საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.
ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის დასასრულს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ „ნებისმიერი საკითხი, რომელიც საერთაშორისო სამართლის ექსპერტების მიერ უარყოფითად შეფასდება, არ დარჩება პროექტში. არც ერთი სამართლებრივი ლაფსუსი არ იქნება დაშვებული“. მისი შეფასებით, მმართველი პარტია მოწოდებულია შექმნას ისეთი კონსტიტუციური გარემო, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის სწრაფ განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას.

„მიზანი გამართული კონსტიტუციის მიღებაა და ეს უნდა მოხდეს სწორედ თქვენი ჩართულობით და აქტიური მონაწილეობით. ამ კონსტიტუციით გარანტირებული იქნება ძლიერი პარლამენტი, რომელიც დააკომპლექტებს ქმედით მთავრობას, უზრუნველყოფილი იქნება დამოუკიდებელი სასამართლო და იქნება დამაბალანსებელი, ზეპარტიული პრეზიდენტი“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა შეხვედრის შეჯამებისას. მისი თქმით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ კონსტიტუციის მხოლოდ პროექტი მოამზადა და მისი საბოლოო რედაქცია სწორედ მოსახლეობასთან შეხვედრებზე და მათი მოსაზრებების გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.

კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა სხვადასხვა რაიონში ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება.