სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 15 დეკემბერის N65-Iს დადგენილებით.
კომისიის მიზანია საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადება, რომლის მიღება უზრუნველყოფს კონსტიტუციის კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან სრულ შესაბამისობას და ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარების ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციური სისტემის ჩამოყალიბებას.
კომისია მოქმედებს კოლეგიურობის, კომისიის საქმიანობის გამჭვირვალობის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტის მომზადებასა და განხილვაში საზოგადოების ფართო წრეების ჩართვის პრინციპების დაცვით.
საკონსტიტუციო კომისიის შემადგენლობა დამტკიცდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის N253/3, 23.12.2016 ბრძანებით. კომისიაში 73 წევრია.
საკონსტიტუციო კომისიაში შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი, კერძოდ:
- ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი
- საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი
- საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი
- ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფი