სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია
ვენეციის კომისია კონსტიტუციურ კანონის პროექტთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს

„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას“, - ასე შეაჯამა ვენეციაში ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის სრულად გათვალისწინებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ დაადასტურა. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საპარლამენტო დელეგაციამ ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნის ოქტომბერში წარმოდგენა სთხოვა.
„მოხარულები ვართ, რომ ვენეციის კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი კონსტიტუციის ახალი რედაქცია სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან და აყალიბებს ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემას. პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, სრულად გავითვალისწინოთ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია. ამ რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე, ჩვენი კონსტიტუციის განხილვები გაგრძელდება ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. გარდა ამისა, ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში წარმოადგინოს უკვე საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ. ამ საბოლოო დასკვნაში, ოქტომბერში, უკვე სრულად იქნება ასახული ყველა ის ნორმა, რომელიც წარმოდგენილია საქართველოს კონსტიტუციაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, მმართველმა გუნდმა ქართული საზოგადოების წინაშე დადებული პირობა შეასრულა.
„რეფორმას ჰქონდა ორი მთავარი ამოცანა - პირველი ამოცანის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ უნდა მოგვეყვანა კონსტიტუცია სრულ შესაბამისობაში სამართლებრივ პრინციპებთან და ეს ყველაფერი დაადასტურა კიდევ ერთხელ ვენეციის კომისიამ. და მეორე - ჩვენ გვინდოდა, ჩამოგვეყალიბებინა ძალიან დახვეწილი საპარლამენტო მმართველობის სისტემა და სწორედ ამას ცხადყოფს ვენეციის კომისიის შესაბამისი დასკვნა. შესაბამისად, ჩვენ ვართ აბსოლუტურად პირნათელი ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვცვლით ძალიან დაუხვეწავ, არადემოკრატიულ კონსტიტუციას ძალიან დახვეწილი და დემოკრატიული კონსტიტუციით. ეს იყო ჩვენი მიზანი, ჩვენი პოლიტიკური ნება, ჩვენი ამოცანა და ეს ამოცანა სრულდება ჩვენი საკონსტიტუციო რეფორმის საფუძველზე“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ბონუსის სისტემის შესახებაც.
„ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში - როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისი თქმით, ბონუსისთვის მკაფიო ზღვარია დაწესებული. „ვენეციის კომისიის რეკომენდაცია მდგომარეობდა იმაში, რომ დაგვეწესებინა ძალიან მკაფიო ზღვარი ბონუსისთვის და ეს ზღვარი დაწესდება სამი სახით. ერთი - დადგინდება აბსოლუტური ზედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ ბონუსის ხარჯზე ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს 89 მანდატზე მეტს, ანუ, ჩაიკეტება ზემოთ.
ასევე, დაწესდება აბსოლუტური ქვედა ზღვარი, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ აბსოლუტურ უმრავლესობამდე, ანუ 76 მანდატამდე, არც ბონუსით ევსება მანდატები გამარჯვებულ პარტიას, ამ შემთხვევაში, მანდატები ჩვეულებრივად, პროპორციულად განაწილდება ყოველგვარი ბონუსის გარეშე.
მესამე - წესდება ფარდობითი ზედა ზღვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიის მიერ ბონუსის ხარჯზე მიღებული მანდატების რაოდენობამ არ უნდა გაადააჭარბოს ძირითადი მანდატების 35 %-ს. ეს ნიშნავს, რომ ძალიან მკაცრი ზღვარია დაწესებული ბონუსისთვის. რეალურად, ბონუსი იმოქმედებს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც ეს არის რეალურად აუცილებელი იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს მყარი და სტაბილური უმრავლესობა საქართველოს პარლამენტში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.