სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

თენგიზ შარმანაშვილმა საპარლამენტო რესპუბლიკის და პარტიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა საპარლამენტო მმართველობაში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესახებ და პოლიტიკური პარტიების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

„ჩვენ არც ერთმა არ ვიცით და არ გვაქვს არანაირი გამოცდილება ვიცხოვროთ საპარლამენტო რესპუბლიკაში და ამისი არც ტრადიცია არსებობს. 1921 წლის კონსტიტუცია, რომელმაც იმ დროისთვის არნახული დემოკრატიული წესები ჩამოაყალიბა საპარლამენტო რესპუბლიკისა, ბევრი ისეთი მომენტები გაითვალისწინა, რომლის გათვალისწინება 70-იან წლებში დაიწყეს ევროპულმა კონსტიტუციებმა. სამწუხაროდ, საბჭოთა ოკუპაციის გამო, ის მაშინ ვერ ამუშავდა და ეს პრაქტიკა მაშინ ვერ ჩამოყალიბდა. ამის შემდეგ, ძირითადად, მოგვიწია საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო რესპუბლიკებში ცხოვრება. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპა მივიდა ერთ დასკვნამდე, რომ ყველაზე უფრო აქტუალური ფორმა, ყველაზე უფრო მისაღები ფორმა და ნაკლებად სარისკო ფორმა მართველობისა არის საპარლამენტო რესპუბლიკები. ამის ტრადიციის არ ქონამ ძალიან ბევრჯერ დაგვაზარალა, მაგრამ დაგვაზარალებს თუ ბოლომდე არ გავიზრებთ, თუ საით მივდივართ და რა არის ეს საპარლამენტო რესპუბლიკა“, - განაცხადა კომისიის წევრმა. თენგიზ შარმანაშვილი საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელში პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხებსაც შეეხო და გერმანიის და ესპანეთის გამოცდილების კონკრეტული მაგალითები მოიყვანა.

„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადადგმულია ნაბიჯი საპარლამენტო რესპუბლიკისკენ და ეს პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მთლიანად ახორციელებს საქართველოს მთავრობა. არანაირი პირდაპირი აღმასრულებელი ფუნქციები საქართველოს პრეზიდენტს არ გააჩნია და არც შეიძლება გააჩნდეს ამ სისტემაში და შესაბამისად, ყველა ამ საკითხზე პასუხისმგებელია მთავრობა“, - აღნიშნა მომხსენებელმა.

კომისიის წევრმა საპარლამენტო რესპუბლიკაში პოლიტიკური პარტიების და მათი გაძლიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ბოლო 25 წელია საქართველოში პოლიტიკური პარტიები ვერ ჩამოვაყალიბეთ მისი კლასიკური გაგებით. მოდიოდნენ და მიდიოდნენ პარტიები, ის პარტიები, რომლებიც ხელისუფლებაში იყვნენ ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ თითქმის კარგავდნენ თავის მნიშვნელობას და ქრებოდნენ პოლიტიკური ასპარეზიდან. რა იყო ამის ყველაზე ცუდი წამახალისებელი? ერთ-ერთი იყო პოლიტიკური ბლოკების არსებობა არჩევნების წინ, როდესაც ძალიან დიდი რაოდენობა ერთკაციანი, ერთ ლიდერიანი პარტიების მთავარ ამოცანას ამ ერთი კაცის პოლიტიკური პრობლემის გადაჭრა, რომელიმე ბლოკთან მიერთება ან რომელიმე სიაში ჩაწერა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე არანაირი ინტერესი ამ პარტიის განვითარებისა არ არსებობდა. ამიტომ ეს სიმახინჯე ადრე თუ გვიან უნდა დამთავრებულიყო და უნდა დამთავრებულიყო არა მხოლოდ იმიტომ, რომ სახელმწიფო თანხები იფლანგება, არამედ იმიტომ, რომ ფიქტიური ერთკაციანი პარტიები იკრიბებიან ამ ბლოკებში დამატებითი ფულადი სახსრების მოზიდვის მიზნით. სანამ ეს სერიოზულად არ მოგვარდება კიდევ გავა 15-20 წელი და პარტიული განვითარების კუთხით ისევ იმ მდგომარეობაში ვიქნებით“, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.