სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე ისაუბრა

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრმა, საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენელმა, ლაშა ტუღუშმა. მისი შეფასებით: „ამ პროცესმა დაგვანახა ჩვენში, ჩვენს საზოგადოებაში არსებული ის სერიოზული რესურსი, რომელმაც მოგვცა ეს პროდუქტი, ასევე ჩვენ დავინახეთ გარკვეული გამოწვევები, პრობლემები, რომელიც ასევე ჩვენია და მათაც უნდა შევხედოთ ძალიან რეალურად, იმისათვის, რომ ხვალინდელი დღე იყოს უკეთესი“.

ლაშა ტუღუშმა საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესზე ისაუბრა და ის საკითხები გამოყო, რომლებმაც მეტი ვნებათაღელვა გამოიწვია განხილვებისას.

„მთავარი საკითხი, რომელზედაც დიდი ხნის განმავლობაში გვქონდა დისკუსია, იყო ის, თუ რატომ არ გადავედით საპარლამენტო სისტემაზე, თუ ვამბობთ რომ ეს სისტემა კარგია, რატომ უნდა მოვიცადოთ 2024 წლამდე. ყველანი ვთანხმდებით, რომ საქართველოს სჭირდება პროპორციული სისტემა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქვეყანაში არსებობს შერეული, მაჟორიტარული და სხვა მოდელები, რატომ უნდა დავკარგოთ დრო, რატომ არ უნდა მოვნახოთ პოლიტიკურმა ძალებმა საკუთარ თავში რესურსი და არ დავიწყოთ ეს პროცესი ახლავე? ეს იყო სერიოზული კითხვა, რაზეც პასუხები არსებობს, მაგრამ სწორდ ეს პასუხი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენ გვჭირდება პოლიტიკურ პროცესში უფრო მეტი კულტურა იმ თვალსაზრისით, რომ შევძლოთ მოლაპარაკებები ძალიან რთულ საკითხებზე. როდესაც ვენეციის კომისია გვიკიჟინებს, რომ მივაღწიოთ კონსენსუსს, ის არ ამბობს, რომ ოპოზიცია ცუდია და არც იმას ამბობს, რომ უმრავლესობაა ცუდი. ის ამბობს, რომ ჩვენ უნდა დავსხდეთ, მოვილაპარაკოთ და შეთანხმდეთ“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

მისი შეფასებით, ცვლილებები კარგია და ეს ნაბიჯი გადასადგმელი იყო.

ლაშა ტუღუშმა ყურადღება გაამახვილა ბლოკების გაუქმებაზე, პარტიების დაფინანსების საკითზე, საპარლამენტო მმართველობაზე, პრეზიდენტის არჩევაზე: „არ არის სწორი, როდესაც მიაჩნიათ, რომ თუ პრეზიდენტს პირდაპირ ირჩევ, იქ რაღაც ცოდნის დეფიციტთან გვაქვს საქმე. მე მგონია ეს არ არის სწორი შეფასება. ორივე აზრს აქვს არსებობის უფლება“.

მან თავის გამოსვლაში წუხილი გამოთქვა, რომ დღევანდელ განხილვას არ ესწრებიან ოპოზიციური პარტიები „ის, რომ აქ დღეს ოპოზიციური პარტიის არცერთი წარმომადგენელი არ არის, ძალიან ცუდია. უნდა შეიცვალოს მათი ურთიერთდამოკიდებულებები. მე ვფიქრობ, უფრო მეტად უნდა მოვუსმინოთ ერთმანეთს. უცვლელად მჯერა, რომ ჩვენ გვაქვს პერსპექტივა გადავდგათ ნაბიჯები და წინ წავიდეთ“, - განაცხადა მან და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მოვიდა და მიიღო მონაწილეობა ამ პროცესში.