სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია

პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 117 ხმით დაძლია. 

„ჩვენ ნამდვილად მივიღეთ ეროვნულ ინტერესებზე აგებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

დეპუტატებმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარეს და კენჭისყრის შედეგად, პროექტების პირვანდელ რედაქციას მხარი ხმათა უმრავლესობით დაუჭირეს.

თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ პროექტს ეყარა, რომელსაც მხარი 8 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 110 - მა ხმა წინააღმდეგ მისცა.

პარლამენტმა, 117 ხმით, 7-ის წინააღმდეგ, „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის პირვანდელ რედაქციას დაუჭირა მხარი.

უმრავლესობამ ვეტო დაძლია „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტზეც. პროექტის პირვანდელ ვერსიას მხარი პარლამენტის 117-მა წევრმა დაუჭირა.